ასტრონომების ცნობით, M101 გალაქტიკის მკვიდრი მასიური ვარსკვლავი აფეთქდა. ზეახალის კვალი ჩვენს ღამის ცას თვეების განმავლობაში გაანათებს. მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპებიდანაც იქნება შესაძლებელი.

ზეახალი, რომელიც ცნობილია როგორც SN 2023ixf, პირველად იაპონელმა კოიჩი იტაგაკიმ დააფიქსირა. მას მალე NASA-ს დასტურიც მოჰყვა, მეცნიერებმა კოსმოსურ აფეთქებაზე გვამცნეს.

"ზეახალები, როგორც წესი, ძალიან შორს არის. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ, რომ დაცულები ვართ. რაც შეეხება უარყოფითს, ჩვენ ვერ ვახერხებთ მათ შესწავლას. თუმცა, კონკრეტული ზეახალი ბევრი რამის გაგებაში დაგვეხმარება", — წერს ენდი ჰოუელი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი.

ასტრონომებმა მალევე დაადგინეს, რომ კოსმოსური აფეთქება II ტიპის ზეახალს მიეკუთვნება, რა დროსაც, ვარსკვლავის მასიური ბირთვი მოულოდნელად იშლება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვარსკვლავს საწვავი ამოეწურება და ვერ ეწინააღმდეგება საკუთარ გრავიტაციას.

ზეახალის გალაქტიკა შედარებით ახლოსაა ჩვენთან. საუბარია, 21 მილიონი სინათლის წელზე. ეს აფეთქება არის ყველაზე ახლო ზეახალი, რომელიც დაგვიფიქსირებია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

იმის გამო, რომ ზეახალი შედარებით ახლოს არის და ახალგაზრდაა, კოსმიური სტანდარტებით, მეცნიერებს მისი შესწავლა სურთ. მკვლევრების თქმით, მას შეუძლია ახალი საინტერესო დეტალების მოწოდება მასიური ვარსკვლავების ევოლუციისა და მათი დაღუპვის შესახებ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.