კოლონიზაცია კაცობრიობის ისტორიის მუდმივად თანმდევი თემაა და, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად იგი უარყოფით კონოტაციას ატარებს, ბიოლოგიური გადმოსახედიდან, ის სავსებით ნორმალური ქმედებაა. ამდენად, განვითარებული ცივილიზაციის მიერ კოსმოსის კოლონიზაციაც საკმაოდ ლოგიკურ აქტად ჩაითვლება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი კოსმოსური შემთხვევის, მაგალითად, სუპერნოვას, შეჩერების საშუალება არ არსებობს.

კოსმოსის კოლონიზაციის ეთიკა

თუკი კაცობრიობა მაღალი ეთიკური სტანდარტებით იმოქმედებს, მაშინ ადამიანებმა უნდა დაიკავონ მხოლოდ ის პლანეტები, რომლებიც საცხოვრებლად გამოსადეგია და, ამასთან ერთად, დასახლებული არ არის. თუმცა ეთიკა ზოგჯერ სადავო საკითხი ხდება. მაგალითად, უნდა იმოქმედოს თუ არა კაცობრიობამ იმავე პრინციპით, როცა საქმე სიცოცხლის უმარტივეს ფორმებს ეხება? ან რა მოხდება, თუკი ადამიანებს ეგონათ, რომ, მაგალითად, პლანეტა Z დაუსახლებელი იყო, თუმცა იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ცდებოდნენ?

ამ საკითხზე მსჯელობისას ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო კითხვა: იმოქმედებს თუ არა ეთიკური პრინციპებით განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაცია, თუკი ის ჩვენს პლანეტას აღმოაჩენს?

ასევე იხილეთ: ბერსერკერის ჰიპოთეზა: რა მოხდება, თუკი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჩვენს რადიოსიგნალებს აღმოაჩენს?

Directed Panspermia

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, უცხოპლანეტელებს შეუძლიათ, უბრალოდ, გამოაგზავნონ ზონდი თესლებით ან მიძინებული მიკრობებით და დაელოდონ ევოლუციას, რომელიც, საბოლოოდ, კომპლექსურ და ინტელექტის მქონე არსებებს წარმოშობს. ზუსტად 50 წლის წინ გამოქვეყნებულ ცნობილ ნაშრომში სახელად Directed Panspermia, ნობელის პრემიის ლაურეატი ფრენსის კრიკი და ლესლი ორგელი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ უცხო ცივილიზაციამ, შესაძლოა, დიდი ხნის წინ "გაანაყოფიერა" დედამიწა ზუსტად ამ გზით. ნაშრომის გამოქვეყნებიდან წლების შემდეგ, როდესაც ორგელს კონფერენციაზე ნაშრომის შესახებ კითხვა დაუსვეს, იგი ამტკიცებდა, რომ ნაშრომი, უბრალოდ, ხუმრობა იყო, რადგან კრიკს ნობელის პრემიის მიღების გამო შეეძლო, ნებისმიერი რამ გამოექვეყნებინა.

მაგრამ ერთი წუთით სერიოზულად შევხედოთ კრიკისა და ორგელის "სახუმარო" თეორიას. გარკვეული დროის შემდეგ კაცობრიობას შეეძლება, მსგავსი პრაქტიკა ჩაატაროს. მიკრობულ სიცოცხლეს მიძინებულ მდგომარეობაში მილიონობით წლების განმავლობაში შეუძლია გადარჩენა. ამდენად, კაცობრიობას შეუძლია, უახლოეს ეგზოპლანეტაზე სიცოცხლით დატვირთული, კარგად დაცული რაკეტის გაგზავნა და ევოლუციისთვის ნიადაგის შემზადება. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად გააკეთებდა ამას კაცობრიობა ან უცხოპლანეტური ცივილიზაცია.

თუმცა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ასახსნელად პანსპერმიის იდეა არ გვჭირდება. არსებობს მყარი მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ სიცოცხლე აქ ბუნებრივად განვითარდა. ბიოლოგიური უჯრედების ელემენტარული ინგრედიენტები, დიდწილად, წააგავს ჩვენი პლანეტის ქიმიურ შემადგენლობას და უჯრედების შინაგანი ნაწილიც, თუნდაც ჩვენი სისხლი, მსგავსია ზღვის წყლისა — ანუ იმ გარემოსი, რომელშიც, როგორც ცნობილია, წარმოიშვა ხმელეთის სიცოცხლე. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ზედმიწევნით ამომწურავი ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. და ვიდრე ასეთი ახსნა იარსებებს, კრიკისა და ორგელის ჰიპოთეზა სიცოცხლისუნარიან იდეად დარჩება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.