თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

19 Mar. 2024, 12:58

დღეს, ჩვენ გვინდა მთავრობას და პირადად პრემიერ მინისტრს დავუსვათ კითხვა, რატომ იცლება ქვეყანა და რა იწვევს მასობრივ ემიგრაციას?

2012 წლიდან, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოდან წავიდა 800 ათასი საქართველოს მოქალაქე. მხოლოდ 2022 წელს, 30 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მხოლოდ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ დროს კი, საქართველოში იცლება ოჯახები, იცლება სოფლები და იცლება ქალაქები.

ჩვენი ყოველი მესამე თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ ჩვენ დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა — რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? და რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს, ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან.

სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა. ეს არის მწარე რეალობა, რომელსაც ადამიანები იძულებით ემიგრაციაში გაურბიან. ივანიშვილის პირობებში ეკონომიკა, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კლანის ინტერესში მუშაობს, ხალხისთვის კი იზრდება მხოლოდ და მხოლოდ ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, თუ საწვავზე.

ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში, აქ შევქმნათ მაღალი, ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ჩვენი ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ოჯახები და ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ჰქონდეთ აქ.

ევროპულ ქვეყნებში ემიგრაციაში მყოფთა თითქმის 70 პროცენტი ქალია, ყოველდღიურად დედებს უწევთ უმძიმესი არჩევანის გაკეთება — სიღარიბეში გაზარდონ შვილები, თუ ემიგრაციაში წავიდნენ და გზავნილებით არჩინონ საქართველოში დარჩენილი შვილები. ამ მძიმე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს მთავრობამ, ნაცვლად დუმილისა, ან ცინიზმისა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ პასუხი ჩვენს კითხვაზე — რატომ გარბიან ადამიანები საქართველოდან, რატომ მიდიან იძულებით ემიგრაციაში და რატომ ტოვებს ამდენი მოქალაქე საქართველოს და კიდევ უფრო მეტი რატომ ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ