დემურ სტურუას დედას ნონა ჯოჯუას 3 სექტემბერს, გამთენიისას სცემეს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC. გურამ იმნაძე, რომელიც ოჯახის უფლებებს იცავს On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ შესაძლოა ცემის მოტივი უკავშირდებოდეს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცი რომელმაც ნონა ჯოჯუას სცემა მოწმის სტატუსით დაკითხეს. ხოლო, მისი აგრესიის ძირითადი მიზეზი, როგორც ნონა ჯოჯუა ამბობს, იყო ის, რომ არ სურდა ამ საქმეში გამოჩენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. მათივე განმარტებით ნონა ჯოჯუას ნაცნობ მამაკაცთან პირად საქმეზე მოუვიდა შელაპარაკება. დამნაშავის დაკავებას შსს არ ადასტურებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

EMC-ის იურისტის თქმით, ვინაიდან საქმეს იძიებს სამტრედიის პოლიცია, მათ მიმართ არსებობს უნდობლობა. ისინი მოითხოვენ, საქმე პროკურატურის საგამოძიებო სამსახურს გადაეცეს:

"დეტალები ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვიცით რომ გამოძიება მიმდინარეობს ცემის მუხლით, რაც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს სწორი კვალიფიკაცია, იმიტომ რომ ცემის მოტივები ამ კვალიფიკაციაში არ ჩანს კარგად".

22 წლის დემურ სტურუამ 8 აგვისტოს თავი მოიკლა. სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში აღწერა, თუ როგორ აიძულებდა პოლიციელი თანასოფლელებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვებას მარიხუანის შესახებ.

29 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს ბრალი წაუყენა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი პოლიციელ თევზაძეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.