რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დღეს P. S.-ში განაცხადა, რომ მას გუშინ გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ ტელეკომპანიის წილის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია და არა ქიბარ ხალვაში.

მელაძის თქმით, 5-პუნქტიანი შეთანხმება 2010 წლის თებერვალშია გაფორმებული:

"მასში ქიბარ ხალვაში აღიარებს, რომ არასდროს ყოფილა რუსთავი 2-ის მფლობელი, ტელევიზიის შესყიდვაში ფული არასდროს გადაუხდია და შესაბამისად, რუსთავი 2-ზე არანაირი უფლება აქვს".

რუსთავი 2-ის ცნობით, შეთანხმების მეორე ნაწილში, მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით რუსთავი 2-ის 100 %-იანი წილი იყიდა, გარიგებები სრულად ოქრუაშვილმა დააფინანსა:

"დოკუმენტში ხალვაში ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს წარმოადგენდა, შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე, საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვის".

რუსთავი 2-ის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ქიბარ ხალვაშს უკრძალავდა რუსთავი 2-თან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა.

მელაძის თქმით, ქიბარ ხალვაშმა ქართულ მართლმსაჯულებას დაუმალა, რომ შეთანხმების მიხედვით რუსთავი 2-ის წილის მფლობელი ის არ ყოფილა.