ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურის მოქმედი თანამშრომელი "მთავარ არხს" წერილს უგზავნის, სადაც სამსახურის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძეს მუქარასა და ზეწოლაში ამხელს:

"გწერთ შრომის ინსპექციის სამსახურიდან. მას შემდეგ, რაც ჩვენმა კოლეგამ გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუკზე, რომ წუხს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო, დაუყოვნებლივ ჩაგვენიშნა თათბირი, სადაც სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე დაგვემუქრა, რომ ყველა დატოვებდა სამსახურს, ვინც კი აქციაზე გავიდოდა და თავის მოჭრას არავის აპატიებდა. ასევე, კატეგორიულად აგვეკრძალა გათავისუფლების განცხადების დაწერა და საჯარო სივრცეში დადება და, თუ მაინც ასე მოვიქცეოდით ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა. თათბირზე კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ჩვენს ყველა ქმედებას აკონტროლებენ როგორც მონიტორინგის, ისე სუს-ის თანამშრომლები. ეს თათბირი ჩატარდა როგორც შრომითი უფლებრივი სამსახურის (ანუ ჩვენი) ისე შრომის უსაფრთხოების სამსახურშიც.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შრომის ინსპექციის ყველა სტრუქტურისა და ქვედანაყოფის თანამშრომლები კოლექტიურად ვწერთ სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ვემიჯნებით არსებულ პოლიტიკას და ვდგებით ხალხის გვერდით. აღნიშნულის თაობაზე ვაცნობეთ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს და მან დრო ითხოვა, რომელიც უკვე ამოიწურა", — ვკითხულობთ წერილში, რომელიც "მთავარ არხს" შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელმა გამოუგზავნა.