ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იმ ფონზე, როცა "ოცნების" ხელისუფლებამ 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, პაპუაშვილის აცხადებს, რომ მან PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს განუცხადა, რომ "ოცნების" ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, თანამომხსენებლებს საქართველოს საკითხებში, ედიტ ესტრელასა და კლოდ კერნს შევხვდი.

შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები განვიხილეთ. საუბარი შეეხო პარლამენტის საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.

მიმოვიხილე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს ოპოზიციის ტაქტიკა გავაცანი, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს ითვალისწინებს და ყოველი არჩევნების შემდეგ ოპოზიციისათვის პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს.

საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პროტესტს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული და საქართველომ უახლოეს წლებში შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულება", — წერს პაპუაშვილი.