გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები არსებობს და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

აქციის მონაწილეები, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.

ფოტო: NEWS.On.ge

ფოტო: NEWS.On.ge

ფოტო: NEWS.On.ge

ფოტო: NEWS.On.ge


შეგახსენებთ, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". მანამდე ამავე საბაბით აქციაზე დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან ოთხი — მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.