ფილმები და არტისტები, რომელთაც წელს ოსკარის ნომინაციები "მოჰპარეს"

ფოტო: On.ge
წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ნომინაციები უკვე ცნობილია, რამაც, ტრადიციულად, უამრავი ადამიანის უკმაყოფილება და კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორის, ჩემიც.
ცხადია, აკადემია კინოს ყველა მოყვარულის პირად გემოვნებას და პრეფერენციებს ვერ მოერგება და ფილმთა შეფასების საკუთარი სტანდარტი აქვს, თუმცა, 13 ნომინაცია Emilia Perez-ს, უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ მაინც უნდა დაისვას, როცა ფილმს Babygirl არცერთი ნომინაცია არ შეხვდა.
ვფიქრობ, რომ 2024 წელს უკანასკნელი წლების განმავლობაში საუკეთესო, მრავალფეროვანი და გამბედავი ნამუშევრები ვიხილეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა დაფასებულიყო ოსკარის ნომინაციებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფილმსა და მსახიობს, რომლებიც, ჩემი აზრით, ბევრად უფრო იმსახურებენ კინოსამყაროს უდიდეს პატივს, ვიდრე ოსკარზე წარდგენილი მათი ზოგიერთი კონკურენტი.
მარგარეტ ქუალი ფილმში The Substance

მარგარეტ ქუეილი ფილმში The Substance
ფოტო: Working Title Films
The Substance წლევანდელი ფილმებიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. მარტივად პროგნოზირებად, ნაცნობი სიუჟეტის მქონე ფილმთა მორევში კორალი ფარჟემ ინოვაციური გადაღების სტილით, საზოგადოების მიერ თავსმოხვეული ეიჯიზმის კრიტიკითა და ფემინური ისტერიის ზედმიწევნით ასახვით საშინელებათა ჟანრისთვის დიდების დაბრუნება შეძლო. მთავარი როლის შემსრულებელ, ოსკარზე ნომინირებულ დემი მურთან ერთად, ფილმის წარმატებაში უდიდესი როლი მარგარეტ ქუალიმაც შეასრულა — მისი პლასტიკა, მიმიკების საოცარი ფლობა, ცხოველური ვნება საქმის მიმართ და კარიერისტი მონსტრიდან საყვარელ, უცოდველ შოუს წამყვანად გარდასახვა ოსკარის ნომინაციას უპირობოდ იმსახურებდა.
არცერთი ნომინაცია The Challengers-ს?!

The Challengers
ფოტო: The Hollywood Reporter
მართალია, ლუკა გუადანინოს ბისექსუალურმა სპორტულმა ფანტაზიამ სიუჟეტით ვერ აღმაფრთოვანა, მაგრამ ფილმს თან სდევდა ის რეპრესირებული ეროტიკის, ნდომის, სურვილის, ვნების, სექსუალური წვის ქვეტექსტი და ვიზუალური ეფექტები, რომელთა გამოც, ფილმი Z თაობისთვის კულტურულ ფენომენად მალევე იქცა. ამ მნიშვნელოვანი ფილმის სრული იგნორი ოსკარებზე, ჩემი აზრით, აკადემიის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილებაა.
დენზელ ვაშინგტონი ფილმში Gladiator II

დენზელ ვაშინგტონი მაკრინუსის როლში
ფოტო: iMDB
Gladiator II, როგორც რიდლი სკოტის ეპოქალური ფილმის თავგადაკლულ ფანს, საერთოდ არ მომეწონა და უდიდესი მოლოდინის ფონზე საოცრად იმედგაცრუებული დავრჩი, თუმცა თუ ფილმს ერთი ნათელი წერტილი გააჩნია, ეს დენზელ ვაშინგტონის უზადო შესრულება იყო.
ჰოლივუდის ვეტერანმა ისე საოცრად შეძლო ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელი, ცბიერი და ხარბი, თუმცა უზადოდ დაკვირვებული მანიპულატორის როლის შესრულება, რომ მაყურებელიც კი შეიყვანა შეცდომაში. ერთი სიტყვით, გლადიატორი 2 რომელიმე ნომინაციაში თუ უნდა წარდგენილიყო, ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო საუკეთესო მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში.
დენი ვილნევი არაა წარდგენილი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში... ისევ!

დენი ვილნევი ხავიერ ბარდემთან ერთად Dune 2-ის გადასაღებ მოედანზე
ფოტო: Chia Bella James/Warner Bros
ნეტავ, ჰოლივუდი ფენტეზის ჟანრის სერიოზულად აღქმას დაიწყებს? კინოაკადემიის პრეფერენციები უკვე ზედმეტად პროგნოზირებადი ხდება... Dune-ის თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, Dune 2-მა შეძლო და ასტრონომიულად აწეულ თამასას გადააბიჯა, თუმცა, როგორც ჩანს, ოსკარის ნომინაციის მისაღებად საერთაშორისო აღიარება, ნოვატორობა, ამბის თხრობის დინამიკური სტილი და ვიზუალური ეფექტები არ კმარა, თუ ფენტეზის ქმნი.
ნიკოლ კიდმენი ფილმში Babygirl

ნიკოლ კიდმენი და ჰარის დიკინსონი ფილმში Babygirl
ფოტო: A24
Babygirl-მა, ჰალინა რეინის ახალმა ფსიქოსექსუალურმა დრამამ, ოსკარების ცერემონიაზე ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა. ჰოლივუდი მუდამ იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ პროგრესულია, რომ ევროპული კინოს მსგავსად, კრეატიული თავისუფლება აქაც ფასდება, თუმცა კიდმენის გამომწვევად ეროტიკული შესრულება ოსკარის ნომინაციით არ აღნიშნულა.
კიდმენი ერთ ფილმში ახერხებს უზადოდ შეასრულოს ცოლის, დედის, გენერალური დირექტორისა და გარყვნილი საყვარლის როლი და თითოეულ ამ როლში იმდენად ავთენტური და მოქნილია, რომ ფილმის ქრონომეტრაჟში მინიმუმ 3 ჟანრია ჩატეული. აღსანიშნავია მისი ქიმია პარტნიორ მსახიობთან, ჰარის დიკინსონთანაც, რომელიც კიდმენის მიერ შექმნილი პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პორტრეტს იდეალურ სარბიელს უქმნის მთელი სიღრმით გადმოსაცემად.
ცხადია, წლევანდელ ოსკარებს მაინც სულმოუთქმელად ველოდები — 2024 წელი ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო იყო კინემატოგრაფიულად, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ 2026 წლის დაჯილდოებისთვის მაინც შეძლებს აკადემია მეტად გახსნილი იყოს ახალი იდეებისა და სახეების მიმართ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები