ოორტის ღრუბელი უზარმაზარი გარსია, რომელიც მზის სისტემის კიდეზე არსებულ ყინულოვან ობიექტებს ეკვრის გარს. ახალი კვლევის მიხედვით, მას შეიძლება სპირალური "მკლავები" ჰქონდეს, რომლებიც მას მინიატიურულ გალაქტიკას ამსგავსებს.

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, ზუსტად როგორი ფორმა აქვს ოორტის ღრუბელს და როგორ მოქმედებს მასზე მზის სისტემის მიღმა არსებული ძალები. ახალი მოდელის მიხედვით, შესაძლოა, მისი შიდა სტრუქტურა სპირალურ დისკოს ჰგავდეს.

ნაშრომი სფეროს სპეციალისტებს არ ჯერ მიმოუხილავთ. იგი პრეპრინტების პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნდა 16 თებერვალს.

ოორტის ღრუბელი 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა იმ მასალისგან, რომელიც მზის სისტემის გიგანტური პლანეტების — იუპიტერის, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის — ფორმირების შემდეგ შემორჩა. ზოგიერთი ეს ყინულოვანი ნარჩენი იმდენად დიდია, რომ ჯუჯა პლანეტადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ორბიტაში ჩადგომასთან ერთად პლანეტებმა მასალის დიდი ნაწილი შორს, პლუტონის მიღმა, სტყორცნა. ეს ნარჩენები დღემდე იქ გვხვდება. ოორტის ღრუბლის შიდა ზღვარი მზისგან დაახლოებით 2-5 ათასი ასტრონომიული ერთეულით (AU) არის დაშორებული, მისი გარე საზღვარი კი 10-100 ათას AU-ამდე ვრცელდება. ცნობისთვის, ერთი ასტრონომიული ერთეული დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრს უდრის — სწორედ ეს არის საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე.

NASA-ს ხომალდი Voyager 1 დღეში დაახლოებით 1.6 მილიონ კილომეტრს გადის, თუმცა ოორტის ღრუბელს იგი მომდევნო 300 წელი ვერ მიაღწევს. მასში გასაღწევად დამატებით 300 ათასი წელი დასჭირდება.

უზარმაზარი მანძილის გამო ოორტის ღრუბლის დაკვირვება ყველაზე მძლავრი ტელესკოპებითაც კი შეუძლებელია. მისი ნაწილები ძალიან მკრთალი და პატარაა, ამასთანავე კი ძალიან ნელა მოძრაობს. ოორტის ღრუბლის შესახებ ინფორმაცია ძირითადად გრძელპერიოდიანი კომეტების წყალობით მივიღეთ. ეს ყინულოვანი ობიექტებია, რომლებიც გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად ღრუბლიდან მზის გარშემო არსებულ ორბიტებზე ხვდება.

სპირალები სპირალებს შიგნით? — როგორია ოორტის ღრუბლის სტრუქტურა

იმის უკეთ გასაგებად, თუ როგორ გამოიყურება ოორტის ღრუბელი, მეცნიერებმა მისი სტრუქტურული მოდელის შექმნა გადაწყვიტეს. ახალი კვლევის ფარგლებში მათ კომეტათა ტრაექტორიები, ასევე მზის სისტემის შიგნით და მის გარეთ მოქმედი გრავიტაციული ძალები გამოიყენეს.

ოორტის ღრუბლის ფორმირებაზე "გალაქტიკური მიქცევა-მოქცევა" ძლიერად ზემოქმედებს. ეს სუსტი, მაგრამ მუდმივი, გრავიტაციული მიზიდულობაა ვარსკვლავების, შავი ხვრელებისა და ჩვენი ირმის ნახტომის ცენტრისგან. ეს ძალები ოორტის ღრუბლის ობიექტებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, თუმცა მათ გავლენას მზის გრავიტაცია "ჩრდილავს".

მეცნიერებმა თავიანთი მოდელი NASA-ს სუპერკომპიუტერზე, სახელად Pleiades, აამუშავეს, მან კი ოორტის ღრუბლის შიდა ნაწილში სპირალისმაგვარი სტრუქტურა გამოავლინა. ეს ღრუბლის ყველაზე მკვრივი რეგიონია, რომელიც მზისგან ათასიდან ათიათასამდე ასტრონომიულ ერთეულამდე ვრცელდება. მოდელის მიხედვით, ეს სპირალური "მკლავები" დაახლოებით 15 ათასი AU სიგრძისაა.

ოორტის ღრუბელი და მისი სპირალური "მკლავები"

ფოტო: Nesvorný et al.

იმისათვის, რომ ღრუბლის სტრუქტურა დადასტურდეს, მისი ცალკეული ობიექტების მოძრაობაზე დაკვირვება იქნება საჭირო ანდა მათი მქრქალი ანარეკლების გამიჯვნა გარშემო არსებული სინათლისგან. ამ ეტაპზე ორივე ამოცანა მეტისმეტად რთულია, რესურსები კი არასაკმარისია.

მეცნიერების აზრით, ოორტის ღრუბლის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ საიდან ჩნდება კომეტები, როგორ განვითარდა ჩვენი მზის სისტემა და როგორ განაგრძობს ეს ყინულოვანი შრე ჩვენი კოსმოსური "სამეზობლოს" ფორმირებას. ცხადია, ამ ინტერესების დასაკმაყოფილებლად აქტიური კვლევა-ძიება იქნება საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.