28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თეთრი სახლის, "ოვალურ" ოფისში შედგა. შეხვედრას ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც ესწრებოდა, რომელიც დებატებში აქტიურად ერთვებოდა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მადლიერების არ გამოხატვაში დასდო ბრალი და მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს.

ხოლო დონალდ ტრამპმა კი უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელების სურვილში დაადანაშაულა. ტრამპმა ზელენსკი თამამად გააკრიტიკა, რასაც პრეზიდენტებს შორის შელაპარაკება მოჰყვა. დონალდ ტრამპმა მედიის წინაშე უთხრა უკრაინის პრეზიდენტს, რომ მას არანაირი "კოზირი" აღარ აქვს და ამას უკრაინელი ხალხის სიცოცხლე ეწირება.

საბოლოოდ, უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი კომენტარის გარეშე დატოვა.

შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის და ზელენსკის პრესკონფერენცია გადაიდო და "მინერალების შეთანხმებას" აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი არ მოეწერა.

შეხვედრა

დონალდ ტრამპმა თავდაპირველად შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის ხედავს, რამხელა სიძულვილიც აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინისადმი და მისთვის ძალიან რთულია ასეთი სიძულვილის ფონზე შეთანხმებას მიაღწიოს. მაგრამ, ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის არა პუტინთან, არამედ მსოფლიო სიკეთესთან თანხვედრაში იყო.

"თუ ჩემს თავს თანხვედრაში არ მოვიყვან ორივე მათგანთან, შეთანხმება არასდროს გექნება. გინდათ ძალიან ცუდი რაღაცები ვთქვა პუტინზე და შემდეგ ვთქვა "გამარჯობა ვლადიმირ, რა ამბებია შეთანხმებაზე?" — ასე არ ხდება. მე პუტინთან თანხვედრაში არ ვარ, არავისთან არ ვარ, მე თანხვედრაში აშშ-სთან და მსოფლიოში სიკეთესთან ვარ, მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში და მინდა, რომ ეს [ომი] დამთავრდეს. ხედავთ იმ სიძულვილს, რაც მას [ზელენსკის] აქვს პუტინის მიმართ, ძალიან რთულია ჩემთვის, რომ ასეთი სიძულვილით შეთანხმებას მივაღწიო. მას უზარმაზარი სიძულვილი აქვს და მე ეს მესმის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარესაც არ უყვარს ის დიდად. ასე რომ, ეს არ არის თანხვედრაში ყოფნის საკითხი, მე მსოფლიოსთან ვარ თანხვედრაში, მინდა, რომ ის დასრულდეს, ევროპასთან ვარ თანხვედრაში. მინდა ვნახო, შეგიძლია თუ არა ამის დამთავრება. გინდათ, რომ ხისტი ვიყო? შემიძლია ვიყო იმაზე ხისტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვინც ოდესმე გინახავთ, ისეთი ხისტი ვიქნები, მაგრამ შეთანხმებას ამ გზით ვერასდროს მიაღწევ", — განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო ლიდერებს შორის კამათი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კომენტარის შემდეგ დაიწყო, როდესაც მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებები უკრაინაზე, როგორც მხოლოდ სიტყვები და "გულზე მჯიღის დარტყმად და თავის მოჩვენებად" შეაფასა. ვენსმა ზელენსკის მოუწოდა, რომ აგრესორ რუსეთთან მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა, შესაძლოა, დიპლომატიაში ჩართულობა იყოს და ამ ყველაფერს დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს.

ზელენსკიმ ვენსის ამ კომენტარზე შეახსენა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წელს დაიწყო და ის არავინ შეაჩერა ამ დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს აშშ-ის სხვა პრეზიდენტიც, ბარაკ ობამაც და ტრამპის პირველი პრეზიდენტობაც მოესწრო და ეს მხოლოდ ჯო ბაიდენის მმართველობის დროს არ ხდებოდა.

"იმ დროს მე აქ არ ვიყავი", — განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე შეხვედრაზე, მრავალჯერ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს უკრაინა-რუსეთის ომი არასდროს დაიწყებოდა.

ვენსის კომენტარზე, რომ დიპლომატიით აპირებს დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის საკითხების გადაწყვეტას, ზელენსკიმ ვიცეპრეზიდენტს შეახსენა, რომ 2019 წელს მან რუსეთთან ხელი მოაწერა გარიგებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც პუტინმა დაარღვია და ტყვეების გაცვლის შეთანხმებაც არ შეასრულა.

ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტი ასევე პროპაგანდაში დაადანაშაულა, რომ ის უკრაინაში ჯარის ნაკლებობის შესახებ იტყუება. ვენსმა ზელენსკი ასევე აშშ-თვის მადლობის არ გადახდაში დაადანაშაულა და მის საქციელს არათავაზიანი უწოდა.

ჯეი დი ვენსი: მე გავცემ ამას პასუხს. ნახეთ, ოთხი წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც გამოდიოდა პრესკონფერენციებზე და მკაცრად ლაპარაკობდა ვლადიმირ პუტინის შესახებ, შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა, შესაძლოა, დიპლომატიაში ჩართულობა იყოს. ჩვენ ვცადეთ ჯო ბაიდენის გზა გულზე მჯიღის დარტყმისა და თავის მოჩვენების, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტის ქმედებები. რაც ამერიკას კარგ ქვეყნად აქცევს, ეს არის ის, რომ ამერიკა დიპლომატიაში არის ჩართული, სწორედ ამას აკეთებს ტრამპი.

ზელენსკი: შეიძლება, კითხვა დაგისვათ?

ჯეი დი ვენსი: დიახ.

ზელენსკი: მან [პუტინმა] უკრაინის დიდი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, აღმოსავლეთის ნაწილების და ყირიმის, ოკუპაცია მოახდინა 2014 წელს, ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში, არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, არამედ იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა ისევ პრეზიდენტი ტრამპი, ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტი ტრამპი მას [პუტინს] შეაჩერებს, მაგრამ 2014 წელს ის არავის შეუჩერებია, მან უბრალოდ ოკუპაცია მოახდინა და წაიღო, დახოცა ხალხი. [...]

ტრამპი: იმ დროს მე აქ არ ვიყავი.

ზელენსკი: დიახ, მაგრამ 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ვითარება იგივე იყო, ხალხი შეხების ხაზზე იხოცებოდა, არავის არ შეუჩერებია - ჩვენ გვქონდა საუბრები მასთან [პუტინთან], ბევრი საუბრები, ორმხრივი საუბარი მქონდა მასთან და ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან, მე, როგორც თქვენ პრეზიდენტო, 2019 წელს მე ხელი მოვაწერე მასთან გარიგებას, ხელი მოვაწერე მასთან, მაკრონთან და მერკელთან ერთად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტას. თითოეული მათგანი მეუბნებოდა, რომ ის გაჩერდებოდა, [...] მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ეს ცეცხლის შეწყვეტა, მან ჩვენი ხალხი დახოცა, ტყვეები არ გაუცვლია, ჩვენ ტყვეების გაცვლაზეც მოვაწერეთ ხელი, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. რა ტიპის დიპლომატიაზე ლაპარაკობთ, ჯეი დი? რას გულისხმობთ?

ჯეი დი ვენსი: მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე იდავოთ. ამ მომენტში თქვენ დადიხართ და ახალწვეულებს აიძულებთ, ფრონტის ხაზზე იბრძოლონ იმიტომ, რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს ამ კონფლიქტში ჩარევისთვის.

ზელენსკი: ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ამბობთ, რა პრობლემები გვაქვს?

ჯეი დი ვენსი: მე ვყოფილვარ...

ზელენსკი: მაშინ, ჩამოდით ერთხელ.

ჯეი დი ვენსი: რეალურად, მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი, რაც ხდება, რომ თქვენ მოგყავთ ხალხი, მოგყავთ პროპაგანდის ტურზე. უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით?

ზელენსკი: ჩვენ გვაქვს პრობლემები...

ჯეი დი ვენსი: და თქვენ ფიქრობთ, რომ [ზელენსკი: პასუხს გაგცემთ] თავაზიანი საქციელია აშშ-ს ოვალურ ოფისში რომ მოდიხართ, და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელიც ცდილობს, თქვენს ქვეყანას ნგრევა აარიდოს?

"ომის დროს ყველას აქვს პრობლემები, მათ შორის თქვენც, მაგრამ თქვენ მშვენიერი ოკეანე გაქვთ და ჯერ არ გრძნობთ ამას, მაგრამ იგრძნობთ მომავალში. ღმერთმა ქნას..." — უპასუხა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპმა ზელენსკის ამ კომენტარის შემდეგ მას შეაწყვეტინა საუბარი და განუცხადა, რომ ის არ არის იმ პოზიციაში, რომ აშშ-ს რაიმე უკარნახოს და მას არანაირი "კოზირი" არ აქვს, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა — "მე ბანქოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო,"

ტრამპი: ეს არ იცი შენ...

ზელენსკი: ღმერთმა ქნას, რომ ომი არ გქონდეთ...

ტრამპი: შენ არაფერი იცი ამის შესახებ, ნუ მიგვითითებ ჩვენ რას ვიგრძნობთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ნუ გვეუბნები, რას ვიგრძნობთ. [...] არ ხარ კარგ პოზიციაში, ახლა კოზირები არ გაქვს, ჩვენთან ერთად კოზირები გექნება...

ზელენსკი: მე ბანქოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო.

ტრამპი: შენ თამაშობ ბანქოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები [ზელენსკი: რას ამბობთ] მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები [ზელენსკი: რას ამბობთ] მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ, არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა ექნათ.

შემდეგ, ჯეი დი ვენსი კვლავ ადანაშაულებს ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპისთვის მადლობის არ გადახდისთვის და ბოდიშის არ მოხდისთვის.

"თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ..." — უპასუხა ზელენსკიმ, მაგრამ დონალდ ტრამპმა მას არ აცალა საუბარი და განუცხადა, რომ მან უკვე ბევრი ილაპარაკა.

ჯეი დი ვენსი: ერთხელ მაინც გითქვამთ მადლობა? ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში?...

ზელენსკი: მრავალჯერ, დღესაც კი...

ჯეი დი ვენსი: არა, ამ მთლიანი შეხვედრის განმავლობაში გითქვამთ ბოდიში. ოქტომბერში პენსილვანიაში ჩახვედით და ოპოზიციისთვის კამპანიას აწარმოებდით. [ზელენსკი: რას ამბობთ] წარმოთქვით მცირედი სამადლობელი სიტყვა აშშ-სა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ცდილობს, რომ თქვენი ქვეყანა გადაარჩინოს.

ზელენსკი: თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ...

ტრამპი: ის არ საუბრობს ხმამაღლა, ის არ საუბრობს ხმამაღლა, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია...

ზელენსკი: შემიძლია პასუხი გავცე?...

ტრამპი: არა, შენ ბევრი ილაპარაკე, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია.

ზელენსკი: ვიცი, ვიცი.

ტრამპი: თქვენ არ იგებთ ამას, თქვენ ძალიან კარგი შანსი გაქვთ აქედან ნორმალურად გამოსვლის, ისევ ჩვენივე დამსახურებით.

ზელენსკი: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერები, ომის დაწყებისთანავე ჩვენ მარტოები ვიყავით და მადლიერები ვართ, მადლობა ამ კაბინეტშიც ვთქვი და არა მხოლოდ ამ კაბინეტში.

დონალდ ტრამპმა სიტყვა "იდიოტი" გამოიყენა ყოფილ პრეზიდენტზე საუბრისას და დასძინა 350 მილიარდი დოლარის დახმარებაზე ,რაც უკრაინამ ამერიკისგან, მიიღო.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი 500 მილიარდის ოდენობის ძვირფას წიაღისეულ ითხოვდა უკრაინისგან, რათა დაეფარა ის "ხარჯები" რაც ამერიკამ მიიღო უკრაინის დახმარებისას.

ტრამპი: თქვენ მარტო არ იყავით, ჩვენ იდიოტი პრეზიდენტის გავლით 350 მილიარდი დოლარი მოგეცით, სამხედრო აღჭურვილობა მოგეცით და თქვენი ჯარისკაცები მამაცები არიან, მაგრამ მათ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება სჭირდებოდათ.

ტრამპი: "თქვენ რომ ჩვენი სამხედრო აღჭურვილობა არ გქონოდათ — ეს ომი ორ კვირაში დასრულებული იქნებოდა,"

ზელენსკი: "სამ დღეში, ეს უკვე მოსმენილი მაქვს პუტინისგან, სამ დღეში — ეს არ არის შემთხვევა, რომელიც 2 კვირაში შეგიძლიათ დაალაგოთ,"

დონალდ ტრამპმა განაგრძო კამათი უკრაინის პრეზიდენტთან და გაუმეორა "კოზირების" არ ქონის შესახებ, რომ მას ხალხი ეხოცება და ჯარისკაცები აკლდება. ტრამპმა ასევ დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკის გაჯავრებით, რომ მას არ სურს ცეცხლის შეწყვეტა.

ტრამპი: მადლობელი უნდა იყო — შენ არანაირი კოზირები არ გაქვს, შენ ისინი დამარხე, შენი ხალხი იხოცება, ჯარისკაცები გაკლდება [...] ძალიან კარგი რაღაც იქნებოდა და შენ გვეუბნები: "არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მინდა ეს ვქნა, მინდა ის"... ნახე, თუ შეგიძლია ახლა ცეცხლის შეწყვეტის მიღება, მე გეუბნები, რომ აიღო, ტყვიების ფრენა და შენი ხალხის ხოცვა შეჩერდეს.

ზელენსკი: დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ომი შევაჩეროთ, მაგრამ მე გითხარით, სად არის გარანტიები?

ტრამპი: მაგრამ შენ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე შეთანხმება.

ზელენსკი: ჩვენ ხალხს ჰკითხეთ, რას ფიქრობენ ცეცხლის შეწყვეტაზე.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჭკვიანი ადამიანი არ იყო და ეს საუბარი, სხვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ეხებოდა. ტრამპის თქმით ობამაბ უკრაინას "ზეწრები" მისცა, ხოლო მან — ჯაველინები.

ტრამპი: ეს ჩემთან არ ყოფილა, ეს იყო კაცთან, გვარად ბაიდენთან, რომელიც არ არის ჭკვიანი ადამიანი, ეს ეხებოდა ობამას... უკაცრავად, ობამა იყო, ვინც თქვენ ზეწრები მოგცათ და მე თქვენ ჯაველინები მოგეცით, რომ ის ტანკები გაგენადგურებინათ, ობამამ ზეწრები მოგცათ და, რეალურად, ფაქტი ის არის, რომ ობამამ ზეწრები მოგცათ, ტრამპმა მოგცათ ჯაველინები, უფრო მადლიერი უნდა იყო, არ გაქვთ კოზირები, ჩვენთან ერთად კოზირები გაქვთ, მაგრამ ჩვენს გარეშე არანაირი კოზირები არ გაქვთ.

შეხვედრის ბოლოს, ტრამპმა აღიარა, რომ შეიძლება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აშშ-ის სხვა პრეზიდენტებთან შეთანხმებები დარღვეული ჰქონდა, მაგრამ ეს მასთან არ მომხდარა და არ იცის რამდენად შეძლებს რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.

ტრამპი: [...] რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მას [პუტინს] შეიძლება შეთანხმებები აქვს დარღვეული ობამასთან და ბუშთან, და შესაძლოა მან ისინი დაარღვია ბაიდენთანაც — შეიძლება დაარღვია, შეიძლება, შეიძლება არა, არ ვიცი, რა მოხდა — მაგრამ მას ჩემთან არ დაურღვევია, მას შეთანხმების მიღწევა სურს. არ ვიცი, შეუძლია თუ არა შეთანხმებას მიაღწიოს. პრობლემა არის, რომ მე გაგაძლიერე, რათა იყო მაგარი კაცი და არ მგონია, რომ მაგარი კაცი იქნებოდი აშშ-ს გარეშე და შენი ხალხი ძალიან მამაცია, მაგრამ ან შეთანხმებას დადებ ან ჩვენ გავდივართ, და თუ ჩვენ გავალთ თქვენ იბრძოლებთ. არ მგონია, რომ ეს კარგი სანახავი იქნება, თუმცა იბრძოლებთ, მაგრამ კოზირები არ გაქვს. თუმცა, როდესაც ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, თქვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში იქნებით, მაგრამ საერთოდ არ გამოხატავ მადლიერებას და ეს არ არის კარგი რამ, გულწრფელი ვიქნები, ეს არ არის კარგი.

რა ხდება შემდეგ:

  • ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლს კომენტარის გარეშე ტოვებს.
  • თეთრი სახლი: მინერალების შეთანხმებას უკრაინასა და აშშ-ის შორის ხელი არ მოეწერა.
  • დონალდ ტრამპი Truth Social-ზე აქვეყნებს განცახდებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება.

"დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, ბევრი რამ გავიგეთ, რასაც არასდროს გავიგებდით ამ დაძაბულობის და წნეხის გარეშე. საოცარია რეებს ავლენს ემოცია, მე დავასკვენი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში უპირატესობას აძლევს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოხატად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის ძვირფას ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება," — ვკითხულობთ დონალდ ტრამპის განცხადებაში.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე მადლობას უხდის ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს.

"მადლობა აშშ, მადლობა მხარდაჭერისთვის, ამ ვიზიტისთვის. მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ამისთვის ვმუშაობთ," – ვკითხულობთ ზელენსკის განცახდებაში.

  • თეთრი სახლი X-ზე პოსტს აქვეყენებს ტექსტით — "ამერიკა უპირველეს ყოვლისა"
  • ვოლოდიმერ ზელენსკი Fox News-თან ინტერვიუში კითხეს ნანობდა თუ არა ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ტრამპთან შეხევდრას, რაზევ უპასუხა, რომ "ეს არ იყო კარგი დებატები"

"დიახ, მიმაჩნია, რომ ეს არ იყო კარგი... ჩემი აზრით, ეს არ იყო კარგი, რადგან ჩვენ გვქონდა ბევრი სხვადასხვა დიალოგი. მე ყოველთვის ღია ვარ მედიის მიმართ, მაგრამ არსებობს ძალზე სენსიტიური რაღაცები. მე მხოლოდ მსურს, რომ გულწრფელი ვიყო და უბრალოდ მინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ვითარება სწორად გაიგონ," — უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის.

სტატიაში გამოყენებულია “ტაბულას” თარგმნილი შეხვედრის ტრანსკრიპტი