გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარ შელაპარაკებას "მიზანმიმართული ესკალაცია" უწოდა.

"ჩემი აზრით, ეს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, რომ მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა. როგორც წესი, პრესასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება, პარასკევს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო“, — განაცხადა მერცმა.

მერცმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დონალდ ტრამპის რიტორიკით გაოცებულია და პრეზიდენტებს შორის მომხდარი შელაპარაკება აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევას კარგად ეხმიანება.

"ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებულ მოვლენებში გარკვეული თანმიმდევრობა შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის დელეგაციის ქცევაში და პროცესში, რომელსაც ახლა ვაშინგტონში ვხედავთ", — განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.