თვითმარქვიას სინდრომი (ინგლ. Imposter Syndrome) გავრცელებული მენტალური პრობლემაა, რომლის მქონე ადამიანებსაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი საქმისათვის არაკვალიფიციურები და შეუფერებლები არიან. 2021 წლის კვლევის მიხედვით, ეს სინდრომი სხვადასხვა დარგის სპეციალისტების 65%-ს აწუხებს. ეს პრობლემა ბევრ ცნობილ ადამიანსაც აქვს; მათ შორის, როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერს, რომელმაც ამის შესახებ სულ ახლახან განაცხადა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ სთორიში.

"მთელი ცხოვრებაა, ხალხისგან მესმის, ჯასტინ, შენ ამას იმსახურებო, მაგრამ თავად ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამის ღირსი არ ვიყავი", — წერს პოპვარსკვლავი, — "ვფიქრობდი, რომ თვითმარქვია ვიყავი, ასე რომ, როცა მეუბნებოდნენ, რომ რაღაცას ვიმსახურებ, თავს მატყუარად ვგრძნობდი; მეთქი მათ რომ იცოდნენ, რას ვფიქრობ... როგორი კრიტიკული ვარ, როგორი ეგოისტი ვარ... მაშინ ამას არ მეტყოდნენ. მე კი ამას იმიტომ ვყვები, რომ გითხრა: თუ ასე გრძნობ თავს, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს კლუბში. მე თვითონ უმეტესად შეუფერებელი და არაპროფესიონალი მგონია საკუთარი თავი".

ფოტო: Getty Images

ბოლო კვირების განმავლობაში ბიბერის ფანები მომღერლის ჯანმრთელობის შესახებ წუხილს გამოთქვამენ. უახლეს ფოტოებში პოპვარსკვლავი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი ეყოლა, დაღლილი და ადრინდელზე გამხდარი ჩანდა, რამაც ინტერნეტმომხმარებლები შეაშფოთა. თუმცა, თავად მომღერლის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ბიბერი ახლა ახალი მუსიკის წერითა და მშობლის მოვალეობების შესრულებითაა დაკავებული, გავრცელებული ხმები კი "უარყოფითი და საზიანოა".

თავად ბიბერს თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, აქამდეც არაერთხელ უსაუბრია ღიად.