NASA გვატყობინებს, რომ ზღვის დონე დედამიწის ყველაზე ცხელი წლის განმავლობაში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს, მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2024 წელს გლობალური ზღვის დონემ იმაზე მეტად მოიმატა, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ. მიიჩნევა, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო დედამიწის ისტორიაში.

NASA-მ თავის ვებსაიტზე განმარტა, რომ გასულ წელს ზღვის დონის ზრდა ოკეანის უჩვეულო თბობამ და ხმელეთზე არსებული მყინვარების დნობამ გამოიწვია.

ზღვის დონის ანალიზისთვის მკვლევრები სატელიტურ გამოსახულებებს აკვირდებიან. დადგინდა, რომ 2024 წელს მსოფლიო წყლის დონე 0.59 სანტიმეტრით გაიზარდა, რაც მეცნიერების მიერ ნავარაუდევ 0.43 სანტიმეტრს ბევრად აღემატება.

"ყოველი წელი ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ნათელია, რომ ოკეანე დონის მატებას განაგრძობს, ზრდა კი სულ უფრო ჩქარდება", — განაცხადა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის მკვლევარმა, ჯოშ უილისმა.

ზღვის დონის მატება ადამიანთა მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების ერთ-ერთი შედეგია. ამის კიდევ ერთი მიზეზი დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მატებაა, რასაც თავის მხრივ სათბურის აირების ემისია იწვევს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech

NASA-ს მონაცემებით, უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, 1993-იდან 2023 წლამდე, მსოფლიო ოკეანეების საშუალო დონე საერთო ჯამში დაახლოებით 10 სანტიმეტრით გაიზარდა.

ეს მოვლენა ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება. პირველი მყინვარებისა და პოლარული ყინულების დნობაა, რაც ოკეანეში წყლის ნაკადის ზრდას იწვევს. მეორეა თერმული გაფართოება — პროცესი, რომლის დროსაც ზღვის წყალი სითბოს გავლენით ფართოვდება.

ბოლო წლების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ზღვის დონის ზრდა მეტწილად პირველ მიზეზს უკავშირდებოდა, ვიდრე მეორეს.

"2024 წელს ეს თანაფარდობა შეიცვალა — ზღვის დონის ზრდის ორი მესამედი თერმულ გაფართოებას უკავშირდება", — განაცხადა სააგენტომ.

1850 წლიდან მოყოლებული 2024 წელი ყველაზე ცხელი იყო. რა თქმა უნდა, ზღვის დონე მომავალშიც გაიზრდება, რადგან ადამიანის საქმიანობის შედეგად სათბურის აირები მუდმივად გამოიყოფა. ეს კუნძულებსა და სანაპირო ზოლებში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს საფრთხეს უქმნის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.