თბილისის მერიიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ კიდევ ორი მოქალაქე, ჯაბა ქარელი და თამთა კაჭახიძე წერენ.

თამთა კაჭახიძე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა.

"და აი, დადგა დღე, როდესაც ჩამბარდა გათავისუფლების ბრძანება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არავინ არაფერი იცოდა და ჩემით შემთხვევით ცოტა ადრე გავიგე, რომ შტატს მიუქმებდნენ, წარმოიდგინეთ ეს რომ არ ყოფილიყო, რა რთულია როცა მოდიხარ და უცებ იგებ, რომ მორჩა, აღარ მუშაობ.

გულდასაწყვეტია, რომ ის ენერგია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას დავახარჯე და ის იმედები რაც მქონდა, უბრალოდ გაქრა.

ადამიანები და რეჟიმი, რასაც მაშინ ვებრძოდი, სახელშეცვლილი, მაგრამ იგივეა და ახლაც მებრძვის. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანების, გათავისუფლებულების უკან არიან ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები და მოხუცებული მშობლები, ზოგიერთი ერთადერთი მარჩენალია ოჯახში და მათ ათავისუფლებთ ამ სიტყვებისთვის — "საქართველოს მომავალი ევროპაშია".

ხვდებით რამხელა თვითლუსტრირება მოახდინეთ? რას უპირებთ ამ ხალხს, დაე შიმშილით დაიხოცონ? ეგ გაგიხარდებათ? ან თქვენს მომხრეებს რატომ უხარიათ? ხედავთ რა დამართეთ თქვენს მოქალაქეებს? ადამიანის უკიდურესი ფორმით გაწირვა უხარიაათ... (ალბათ ყველას არა, მარა კომენტარებში ასე ჩანს, რომ ბევრს) კატასტროფაა ეს ყველაფერი.

არ გავჩერდებით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ!

თქვენ არ იცით რას ნიშნავს როცა შენს უკან სიმართლეა, საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ.

გამოწვევა მიღებულია — სისტემა უნდა დაინგრეს, ზუსტად ამას ვამბობდით სტუდენტების აქციაზე, მწარედ მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ 20 წლისები ვიყავით, ახლა დიდი გამოცდილება და წმინდა წყლის სიმართლე გვიმაგრებს ზურგს!

არცერთი ნაბიჯი უკან, გამარჯვების დროა! სისტემა უნდა დაინგრეს!", — წერს თამთა კაჭახიძე.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე მიუთითებს ჯაბა ქარელიც.

"ეს დღეც დადგა, ოფიციალურად მაცნობეს, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული სადამსჯელო რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ტრაგედიაა, როდესაც საჯარო მოხელეს კონსტიტუციის დაცვის მოწოდებაზე ხელმოწერის გამო სჯიან, რათქმაუნდა ძალიან უსამართლოა ეს ყველაფერი და ეს ამ სახელმწიფოს არ ეკადრება, მე ჯაბა ქარელი, ერთი წამითაც არ ვნანობ, არცერთ ჩემ ნაბიჯს საჯარო სამსახურში ყოფნის მანძილზე, მე მაშინაც ღირსეულად ვიცავდი საჯარო მოხელის ფიცს, როდესაც თქვენ ქვეყანაში რუსულ კანონებს ამტკიცებდით და მაშინაც, როდესაც ევროპულ არჩევანზე უარის თქმით თქვენივე მიღებულ კონსტიტუციას არღვევდით, საკუთარ სამშობლოს ღალატობდით და ამავე ფიცის დაცვას გავაგრძელებ, რომელიც თქვენ ცარიელ სიტყვებად გადააქციეთ, რამეთუ ეს და სხვა ყველა თქვენი სადამსჯელო გადაწყვეტილება არის უკანონო, არალეგიტიმური და დროებითი! ბრძოლას თავისუფალი საქართველოსთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გპირდებით მივიყვანთ ბოლომდე, თუ თქვენ არ იცით ეს რას ნიშნავს ჩვენ გაჩვენებთ ეს როგორ ხდება!

პ.ს. ჩემმა მეგობრემა ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი ერთადერთი შემოსავალი იყო სახელფასო ანაზღაურება, ასე, რომ ახლა, რადგან სამსახურიც აღარ მაქვს და თავისუფალი ვარ და ველოდები საინტერესო შემოთავაზებებს!", — წერს ჯაბა ქარელი Facebook-ზე.