ეიმი ლოუ ვუდს, რომელიც მაყურებელმა Sex Education-სა და The White Lotus-ში შესრულებული როლებით გაიცნო, საკუთარ კბილებზე ყველაფერი აქვს მოსმენილი. The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში მსახიობმა თავის გამორჩეულ პირის აპარატზეც ისაუბრა, რაც მას ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან გამოარჩევს და თავს "მეამბოხედ" აგრძნობინებს.

ეიმის სამსახიობო დებიუტი დიდი ხნის წინ შედგა — მას თეატრის სცენაზეც არაერთი როლი აქვს შესრულებული და Sex Education-ის ოთხმა სეზონმაც დიდი ცნობადობა მოუტანა, თუმცა თეთრი ლოტუსი მისი პირველი მნიშვნელოვანი ჰოლივუდური როლია. მისი თქმით, პირველად მოუწია თითქმის სრულიად ამერიკელ მსახიობთა დასთან მუშაობა.

ეიმი ლოუ ვუდი The White Lotus-ში

ეიმი ლოუ ვუდი The White Lotus-ში

ფოტო: Peacock

"იმდენად ბრიტანელი ვარ, რომ არ ვიცოდი, როგორ გავუმკლავდებოდი ამდენ სწორკბილებიან და თავდაჯერებულ ადამიანთან მუშაობას. თეთრი ლოტუსის ფანები ჩემზე ამბობენ, რომ ვინირება და ბოტოქსი გაკეთებული არ მაქვს, რაც მეამბოხე საქციელია," — ამბობს ლოუ ვუდი ინტერვიუში.

მისი ღიმილი ნამდვილად გამოირჩევა იმ ჰოლივუდური სრულყოფილებისგან, რის ეკრანებზე ყურებასაც შევეჩვიეთ. ეიმი ხუმრობს, რომ საკუთარი კბილების გამო, შესაძლებელია, ბევრი როლი ვერ მოიპოვოს — "არცერთ ამერიკელს აქვს ჩემნაირი კბილები. ამერიკელის როლზე არასდროს დამამტკიცებენ, ამისთვის ვინირები უნდა გავიკეთო."

ეიმის კბილების კარიერაზე გავლენაზე აქამდეც უსაუბრია. 2020 წელს Stylist UK-სთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კბილებს მისთვის პროფესიულად ხელი არ შეუშლია, მენტალურად რთულია ამდენი ეჭვისა და თავდაუჯერებლობის კონტროლი. "ამ მითს ჩემს თავს ვუმეორებდი. ტვინში ჩაბეჭდილი მქონდა, რომ სილამაზის სტანდარტებში არ ვჯდები და ამ ბარიერის გადალახვა მომიწია."

ამასობაში კი ეიმი ლოუ ვუდი მისაბაძი გახდა მათთვის, ვინც მსახიობის მსგავსად გამოიყურება. "ასობით შეტყობინება მომდის ადამიანებისგან, რომლებიც მეუბნებიან: "ღმერთო ჩემო, ჩემნაირი კბილები გაქვს! ახლა სკოლაში მივდივარ და ხალხი ფიქრობს, რომ მაგარი ვარ, რადგან ეიმის ვგავარ"" — ამბობს მსახიობი.