ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, პოლიტიკური მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრის, ვატო შაქარიშვილის საჩივრის საფუძველზე, პროკურატურის მიერ სოლიდარობის ფონდების დაყადაღებას ეხმაურება.

"ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ, რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა.

მისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის საფარქვეშ, იმ აგრესორებს აფინანსებდნენ, რომლებმაც აქციების დროს პარლამენტი

გადაწვეს, პოლიციელები დააზიანეს, ქვეყანაში ქაოსის ცეცხლი დაანთეს და სხვა და სხვა. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რევოლუციას აორგანიზებდნენ.

ამ რევოლუციის ორგანიზატორებზე კი ვიტყოდი, რომ კლასიკური სცენარით "აგენტებად" მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ფაქტია შეცვალეს ტაქტიკა…", — წერს ნინო წილოსანი.

17 მარტს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააყადაღა: "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითის", "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის", "სირცხვილიას" და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები დააყადაღა.

როგორც ირკვევა, ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" სარჩელით 18 იანვარს მიმართა. საგამოძიებო უწყებამ კი გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.

საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ "საქმე არის აღძრული უცხო ქვეყნების დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე და დახმარებაზე".

ჟურნალისტის კითხვაზე, — იცის თუ არა, რას საქმიანობდნენ ეს ფონდები?

ვატო შაქარიშვილის თქმით, ის, რომ ეს ფონდები ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ადამიანებს, ტყუილია.

"ეს ფონდი და სხვა ფონდები ემსახურებიან საქართველოში კონსტიტუციური წყობილების მოშლას, ხელისუფლების დამხობას, რევოლუციურ სცენარებს, გადატრიალებებს, იმ პიროტექნიკის ყიდვას, რომლითაც წვავდნენ პოლიციელებს", — თქვა შაქარიშვილმა.