Google X-მა Taara-ს სახელით ცნობილი ახალი ჩიპი წარადგინა, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა სინათლის ენერგიის გამოყენებით სურთ. ის ბიუჯეტური, უკაბელო და სწრაფი ინტერნეტისთვისაა შექმნილი.

ეს "ფრჩხილის ზომის" ჩიპი პროგრამული კონტროლისთვის სინათლის გამავრცელებლებს იყენებს, რათა მონაცემებით დატვირთული სხივები ორ პუნქტს შორის მართოს. ტესტირებისას მეცნიერებმა 1 კილომეტრ მანძილზე წამში 10 გიგაბიტი მონაცემები წარმატებით გაგზავნეს. ეს ყველაფერი ორი ჩიპის გამოყენებით მოხერხდა.

"გვჯერა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სილიციუმის ფოტონიკურმა ჩიპებმა ამ მანძილზე ასეთი დიდი მოცულობის მონაცემების გაგზავნა უზრუნველყო", — განაცხადა Taara-ს გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, მეჰეშ კრიშნასვამმა.

Google-ის კვლევისა და განვითარების განყოფილების, X-ის, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ Taara უსწრაფესი ინტერნეტით ისეთ რეგიონებს მოამარაგებს სადაც ტრადიციული ბოჭკოვანი კაბელები რთულად ხელმისაწვდომია. ასეთი კაბელები, როგორც წესი, მიწის ქვეშ გაჰყავთ, რაც რთული რელიეფის პირობებში თითქმის შეუძლებელია. ახალი ჩიპისთვის კი ეს პრობლემა აღარ იქნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩიპის სიხშირეები რადიოსიხშირეებს არ ემთხვევა, სტაბილურ კავშირს არაფერი შეუძლის ხელს. გუნდში ამბობენ, რომ მათი მიზანი მაღალსიჩქარიანი კავშირგაბმულობის გაძლიერება იყო, თუმცა ნაკლები ბიუჯეტით. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის მასშტაბებიც უნდა შემცირებულიყო.

Taara-ს მოწყობილობები მონაცემების მიმოცვლას პირდაპირ შეძლებს, რაც შექმნის ქსელს, რომელიც უფრო ჩქარი და ადვილად გაფართოებადი იქნება. მას შემდეგ, რაც ეს ჩიპები სხვადასხვა ადგილას განლაგდება, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება.

"გლობალურ ქსელში განთავსებული ჩიპების გამოყენებით შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გავხადოთ. ასევე, მონაცემთა ცენტრების შექმნისა და ფუნქციონირების გზები გადავიაზროთ, რათა ავტონომიური მანქანების ან სხვა მსგავსი მოწყობილობებისთვის სწრაფი და უსაფრთხო კომუნიკაცია უზრუნველვყოთ", — ამბობენ მეცნიერები.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები პლასტმასის ან მინის პატარა "ძაფებს" შეიცავს, რომლებსაც მონაცემები სინათლის სიჩქარით გადააქვს. ისინი იმაზე ეფექტიანია, ვიდრე სპილენძის ძველებური კაბელები. Taara მონაცემებს ასევე ოპტიკური სიგნალებით გზავნის, მაგრამ მას მიწისქვეშა კაბელები და ქსელები არ სჭირდება, შესაბამისად, პერიოდულ ფიზიკურ გამართვას არ მოითხოვს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მისი დამონტაჟება საათებშია შესაძლებელი. შედარებისთვის, ბოჭკოვანი კაბელების გაყვანას დღეები, თვეები ან წლები სჭირდება.

ახალი ჩიპი, ფაქტობრივად, Google X-ის ადრინდელი მსგავსი მოწყობილობის,Taara Lightbridge-ის, ზომით პატარა ვერსიაა. სინათლის სხივების შესაბამისობაში მოსაყვანად ის ფიზიკურ კორპუსსა და ისეთ მექანიზმებს იყენებდა, როგორებიცაა სარკეები, სენსორები, ზუსტი ოპტიკა და ჭკვიანი პროგრამული უზრუნველყოფა. ორი სხივის ასეთი შეკავშირება უსაფრთხო ქსელს ქმნის, რომელიც მონაცემებს 20 კილომეტრ მანძილზე 20 გბ/წმ სიჩქარით გადასცემს.

კრიშნასვამმა განაცხადა, რომ Taara ხელმისაწვდომი 2026 წელს იმ პროდუქტში იქნება, რომლის შესახებაც ჯერ კომპანია არ საუბრობს. ამ დროის განმავლობაში Google-ის კვლევითი განყოფილება სპეციალისტებს მიიწვევს, რათა ჩიპის გამოყენებითი პოტენციალი შეისწავლონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.