სინდისის პატიმრების მშობლები ახალ მოძრაობას "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" იწყებენ

2 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილმა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის აარსებენ და ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ.



პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ 8 აპრილს, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან და დაღუპულთა სულების პატივსაცემად ღამეს გაათევენ.
"ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას — "სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის" და ვაცხადებთ შემდეგს:
გვინდა დავიწყოთ წინადადებით — 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვის და შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის, ვინც დღემდე მოგვიყვანა. ქედს ვიხრით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის. შესაბამისად, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენს სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დავუშვებთ უდანაშაულოდ მათ ციხეში დარჩენას.
ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის.
მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლებას; ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს.
ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვანებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ან ერთი ჯგუფის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად რუსთაველზე. გამარჯვება ხალხშია, გავიმარჯვეთ სახელოვნად" — ნათქვამია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივი განცხადებაში.
განცხადების მეორე ნაწილში კი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა პოლიტიკურ პარტიებს, საპატრიარქოს, მოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სტუდენტებსა და "ოცნების" ხელისუფლებას მიმართეს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ 3 მთავარი მიზნის გარშემო, ესენია:
- ახალი არჩევნები;
- პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება;
- ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს;
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე მიმართეს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისკენ ცვლილება, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ასევე "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რეპრესიული კანონები.



პატიმრების მშობლებმა ასევე მოუწოდეს ბიზნესმენებს, ნუ დააფინანსებენ რეჟიმს. მხარდაჭერის თხოვნით, მიმართეს საჯარო მოხელეებს.
"ევროკავშირის ქვეყნებსა და დასავლეთის სახელწმიფოებს მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიდრე არალეგიტიმური, რუსული რეჟიმი მოახდენს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, მოახდინოთ მყისიერი და სწრაფი რეაგირება, მკაცრი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაავრცელოთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, მისი ბიზნესპარტნიორების, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, ასევე მისი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და სისტემის ძალადობაში მხილებული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების, ასევე რეჟიმის სასამართლოს, პროკურატურის, პროპაგანდისტული ტელევიზიებისა და პროპაგანდის მიმართ" — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში მათ ასევე მოუწოდეს ოცნებას გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები და დასძინეს, რომ "ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები". სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი უფლებას იტოვებენ, მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართონ.
"იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად დაეკისრება თვითმარქვია ოცნების ხელისუფლებას.
ჩვენ, ლეგიტიმური და სამართლიანო მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ვიტოვებთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს: სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკების, დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისა და სხვა ჩინოვნიკებისთვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას" — ნათქვამია განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა, ასევე თხოვნით მიმართეს საქართველოს საპატრიარქოს, შეასრულოს პოზიტიური როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, მოახდინონ ერის კონსოლიდაცია და შერიგება.
"ილია მეორეს, როგორც ერის სულიერ მამას ხელეწიფება დაარიგოს ხელისუფლება და მიაღებინოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები". — ნათქვამია სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების განცხადებაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები