ოთხი თვის შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ და ის თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ BBC წერს.

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე პრემიერ-მინისტრი ჰან დაკ-სუ გააგრძელებს.

რვა მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ განაჩენის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაარღვია კონსტიტუცია, ასევე კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები.

ახლა ქვეყანამ 60 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

გასული წლის დეკემბერში იუნმა წარუმატებლად სცადა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება. ამის შემდეგ პარლამენტმა იგი აჯანყების მცდელობაში დაადანაშაულა და სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტი მოახდინა.

ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საჭირო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იუნ სეოკ იოლი ოფიციალურად დარჩა სამხრეთ კორეის პრეზიდენტად.

მან უარყო ამბოხების მცდელობის ბრალდება და თქვა, რომ მისი "პოლიტიკურად დაკალიბრებული გადაწყვეტილება" მიღებულ იქნა სახელმწიფოს ოპოზიციისგან დასაცავად.

მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე "არაკანონიერი და უსამართლო იყო".