მოდა კინოსამყაროში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა — ტანსაცმელი ის დეტალია, რომელიც პერსონაჟს გამოარჩევს, დასამახსოვრებელს ხდის და მათ იდენტობაზე გვიამბობს. ამა თუ იმ ფილმში მსახიობების მიერ მორგებული ტანისამოსი ხანდახან თავად ფილმზე პოპულარულიც კი ხდება ხოლმე, ტრენდებს განსაზღვრავს, დიზაინერებს შთააგონებს და პოპკულტურის ისტორიაში ადგილს სამუდამოდ იკავებს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კაბებს, რომლებმაც გამოხატეს ელეგანტურობა, ამბოხი, სიახლე და, უბრალოდ, კინემატოგრაფიული მაგია — კაბებს, რომლებმაც არამხოლოდ პერსონაჟების უკვდავყოფა შეძლეს, არამედ თავადაც დაუვიწყარნი გახდნენ:

ელვირა ჰენკოკის კაბა ფილმში Scarface

ფოტო: Pinterest

Scarface მაყურებელს არაერთი დეტალის გამო ახსოვს — ალ პაჩინოს მიერ იდეალურად განსახიერებული კრიმინალი ტონი მონტანა, მიშელ ფაიფერის პერსონაჟის, ელვირას, ისტორია, ტონი მონტანას სისხლიანი საქმეები... ელვირას მიერ ერთ-ერთ ცნობილ სცენაში მორგებული ლურჯი, უზურგო კაბა ერთ-ერთი ის დეტალია, რომლის დანახვისას მაშინვე მიხვდები, კადრი რომელი ფილმიდანაა ამოღებული.

ელვირას ლეგენდარული, ლურჯი აბრეშუმის კაბა 80-იანების კინოს ისტორიაში მინიმალისტური გლამურისა და დახვეწილობის სიმბოლოდ იქცა.

ფოტო: MGM

ვივიენის კაბა ფილმში Pretty Woman

ფოტო: Vogue

თუ ერთხელ მაინც გინახავთ ფილმი Pretty Woman ჰოლივუდის გულთამპყრობელების, რიჩარდ გირისა და ჯულია რობერტსის მონაწილეობით, არასდროს დაგავიწყდებათ ის საოცარი წითელი კაბა, რომლითაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, ვივიენი, გვევლინება.

ეს კაბა ვივიენის, როგორც პერსონაჟის, გარდასახვის მაჩვენებელია — რამდენიმე დღით დაქირავებული მეძავიდან ის გვევლინება დახვეწილ, გამჭრიახ, მხიარულ ქალად, რომელსაც მისი პარტნიორის ბიზნესშეხვედრებზე ყველას მოხიბვლა შეუძლია.

სესილიას კაბა ფილმში Atonement

ფოტო: Universal

კირა ნაითლის პერსონაჟის, სესილიას მიერ მორგებული კაბა ფილმში Atonement ზედმეტ შესავალს არც საჭიროებს — ჟაკლინ დურანის დიზაინით შექმნილი ტანისამოსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაბაა მთელს კინოსამყაროში. მუქი მწვანე ფერი, ნაზი აბრეშუმი, რომელიც მსახიობის სხეულს ეკვრის, მისი პერსონაჟის სულიერ სიღრმეს, მაცდურებას, ტკივილსა და სწრაფვას ასახავს.

ლორელეის კაბა ფილმში Gentlemen Prefer Blondes

ფოტო: MGM

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ სახეს, მერლინ მონროს, თავისი კარიერის განმავლობაში არაერთი უნიკალური კაბა მოურგია, თუმცა მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ მისი ტანზე მომდგარი, ღია ყელის მქონე ვარდისფერი კაბა ფილმიდან Gentlemen Prefer Blondes. ამ სცენაში მისი პერსონაჟი, ლორელეი, მღერის, რომ ბრილიანტები გოგოების საუკეთესო მეგობრები არიან და უამრავ ბრილიანტსაც ისხამს, რაც ამ საოცარ კაბას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

ამ კაბამ კინოსამყაროზე უდიდესი გავლენა იქონია. მისით შთაგონებული ჩაცმულობა არაერთ სხვა ფილმში, სერიალსა თუ კლიპში გვხვდება, მაგალითად, მადონას სიმღერაში Material Girl.

ფოტო: Sunset Boulevard//Getty Images

სკარლეტ ო'ჰარას კაბა ფილმში Gone With the Wind

ფოტო: MGM

სამხრეთელი მზეთუნახავის, სკარლეტ ო'ჰარას როლში მსახიობმა ვივიენ ლიმ არაერთი მომაჯადოებელი კაბა მოირგო — იქნებოდა ეს კარნავალებისა და სამეჯლისო კაბების კასკადი თუ ყოველდღიური ძვირფასი ტანისამოსი, რომელიც რეტ ბატლერის ცოლობის პერიოდში უხვად ჰქონდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული კაბა, რომელიც სკარლეტ ო'ჰარას ტანზე ვიხილეთ, ის იყო, რომელიც უკიდურესი გაჭირვების დროს, მან და მისმა დამხმარე ქალმა, მამიმ, ფარდებისგან შეკერეს. სწორედ ამ კაბის მეშვეობით მოახერხა სკარლეტმა ახალი ცხოვრების დაწყება და სიდუხჭირისგან თავის დაღწევა.

ჰოლის კაბა ფილმში Breakfast at Tiffany's

ვის დაავიწყდება ოდრი ჰეპბერნის შავი, კლასიკური, სადა და მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კაბა, რომელიც საკულტო ფილმში საუზმე ტიფანისთან მოირგო? ჰუპერ ჟივანშის ხელით შექმნილი კაბა ფილმის გამოსვლიდან თითქმის 65 წლის გასვლის შემდეგაც აქტუალური და სასურველია.

ფოტო: Sunset Boulevard//Getty Images

ენდის კაბა ფილმში How to Lose a Guy in 10 Days

ფოტო: Getty Images

ვინ მოთვლის, დღეში რამდენი ქალი ეძებს ზუსტად ისეთივე კაბას, როგორც კეიტ ჰადსონის პერსონაჟს, ენდი ანდერსონს ეცვა რომანტიკულ კომედიაში How to Lose a Guy in 10 Days. იდეალური ყვითელი ფერი, ქალური, მიმზიდველი — ეს კაბა ფილმის კულმინაციურ სცენას დაუვიწყარს ხდის.

ბეიბის კაბა ფილმში Dirty Dancing

ფოტო: Vogue

ბინძურ ცეკვებში ბეიბის პერსონაჟის ზრდასა და ზრდასრულ ქალად ქცევას ვესწრებით, რის დამაგვირგვინებლადაც ჯენიფერ გრეისა და პატრიკ სვეიზის ცეკვის სცენა გვევლინება. კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სცენაში ბეიბის ვარდისფერი კაბა აცვია, რომელიც ქალი პერსონაჟების უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული ჩაცმულობაა.

ფოტო: Universal

ელიზაბეთ ტეილორის კაბა ფილმში Cleopatra

ფოტო: Universal History Archive//Getty Images

კლეოპატრას როლი გახმაურებული რომანებითა და მდიდრული ცხოვრებით სტილით ცნობილი ელიზაბეთ ტეილორის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო — სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო რიჩარდ ბარტონი, რომელიც შემდეგ მისი ქმარი გახდა. ეგვიპტის დედოფლის როლში ტეილორს 24-კარატიანი ოქროს თავსაბურავი, მანტია და კაბა მოსავს, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ცნობილი კოსტიუმია ფილმის ისტორიაში.

დოროთის კაბა ფილმიდან Wizard of Oz

ფოტო: Universal

ჯუდი გარლანდის მიერ მორგებული კუბოკრული კაბა უკვე ჰოლივუდის ერთ-ერთი რელიქვიაა. ეს კაბა ერთ-ერთი გამორჩეულია, რის გამოც ფილმის გამოშვებიდან 86 წლის შემდეგაც კი ამ კოსტუმს ყოველ ჰელოუინზე ირგებენ.