2025 წლის 10-14 მარტს, ტეხასის შტატში, ქალაქ ვუდლენდსში მთვარისა და პლანეტარული მეცნიერების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე რამდენიმე საკმაოდ საინტერესო წინადადება გაჟღერდა კოსმოსისა და მეცნიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ისეთი კვლევების მნიშვნელობას, რომლებიც ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხს გაგვცემს.

ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: "როგორ შეძლებს ადამიანი კოსმოსში გადარჩენას?". კონფერენციაზე წარდგენილმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევის დაძლევა ტარდიგრადების შესწავლით.

ტარდიგრადა (ასევე ცნობილი როგორც "წყლის დათვი") უხერხემლო მიკროსკოპული არსებაა, რომელიც საოცრად რთულ გარემო პირობებს უპრობლემოდ უმკლავდება. მას შეუძლია გადაურჩეს კოსმოსში ყოფნას, ძალიან ცხელ ან ცივ გარემოს და რენტგენის 500-მდე დასხივებას.

ფოტო: scientificamerican.com

ასევე, იხილეთ: რატომ არის წყლის დათვი ყველაზე გამძლე არსება — კვლევა

ეს კვლევა ჩაატარეს ისადორა არანტესმა — ნასას მკვლევარმა და ჯეანკარლო ზანატამ — რიო გრანდე დუ სულის ფედერალური უნივერსიტეტი ასოცირებულმა პროფესორმა.

მათი თქმით, ტარდიგრადები ბოლო წლების განმავლობაში აქტიური კვლევის საგნად იქცა.

ეს ექსტრემოფილი არსება ცნობილია იმით, რომ შესანიშნავად უძლებს უკიდურესად რთულ გარემო პირობებს — ტემპერატურებს -271°C-დან 150°C-მდე, 1,200-ჯერ მაღალი წნევის დონეს, გამოშრობას და ძლიერ იონიზებულ რადიაციას.

ამის გამო, მათ აქტიურად იყენებენ ასტრობიოლოგიური კვლევებისთვის და დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოტენციური არსებობის გამოსაკვლევად. არანტესისა და პროფესორ ზანატას თქმით, მათი გამძლეობის მთავარი მიზეზი დაზიანების დამთრგუნველი, Dsup ცილაა.

ეს ცილა ამცირებს რადიაციის შედეგად დნმ-ის დაზიანების რისკს, გენეტიკურ მასალაზე დამცავი ფარის შექმნით, ამცირებს ორმაგ ჯაჭვურ გაწყვეტებსა და იცავს გენომის მთლიანობას.

ფოტო: STEVE GSCHMEISSNER/SCIENCE PHOTO LIBRARY

Dsup-ის გარდა, მათ გამოიკვლიეს სითბური შოკის ცილები (HSPs) და ანტიოქსიდანტური ფერმენტები, რომლებიც ცილებს სტაბილურობას უნარჩუნებს თერმული წნეხის დროს და მაღალი წნევისა და რადიაციის შედეგად წარმოქმნილ ოქსიდაციური დაზიანების ეფექტებს ამცირებს.

"აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ტარდიგრადების გამძლეობა მიგვანიშნებს ყველაზე ექსტრემალურ გარემოში პოტენციური სიცოცხლის ფორმების არსებობაზე. მარსზე ტარდიგრადების მსგავსი ექსტრემოფილებისთვის იდეალური სიტუაციაა შექმნილი, თავისი რადიაციით მდიდარი გარემოთი და კრიოგენური პირობებით", — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ტარდიგრადების ადაპტაციის კვლევებით ასტრონომებთან ერთად ბიოლოგებიც ინტერესდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი დახმარებით შესაძლოა ადამიანის გამძლეობის გაუმჯობესება. ეს მოიცავს რადიაციის მიმართ "იმუნიტეტის" გამომუშავებას, ადამიანის უჯრედების დაცვას ექსტრემალური სიცივისგან და მოსავლის ისეთ გენურ მოდიფიკაციას, რომ უკიდურეს კლიმატურ პირობებშიც კი გადარჩეს.

"ტარდიგრადების ამგვარი გამოყენება, დედამიწაზე არსებული გამოწვევების დაძლევაში ექსტრემოფილთა ფართო მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამასთანავე ხელს უწყობს მომავალი კოსმოსური მისიებისთვის სამეცნიერო ფუნდამენტის ჩამოყალიბებას", — ამბობენ არანტესი და პროფესორი ზანატა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ინტეგრირებული კომპიუტერული და ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენებით ექსტრემოფილთა გადარჩენის მექანიზმების გასარკვევად აღნიშნული კვლევა გარდამტეხია.

ეს კი ხელს შეუწყობს სიცოცხლის გამძლეობის შესახებ ცოდნის გაფართოებას, მათ შორის დედამიწის მიღმა არსებული გარემოებისთვისაც.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Universe Today.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.