როგორ მოიპარა "ოცნებამ" სახალხო დამცველის ინსტიტუტი

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების მეთვალყურე და ხელისუფლების ერთგვარი ზედამხედველია. ავლენს ვისი უფლება შეილახა, ვის მიერ, პოულობს გამოსავლის გზებსაც და თანამდებობის პირებს სიტუაციის გამოსწორებისკენ უბიძგებს. ეს ინსტიტუტი 28 წელია არსებობს და წესით, მთავრობისგან დამოუკიდებელია — ყოველ შემთხვევაში, ასე წერია მის მანდატში და ასე იყო 2000-ანი წლებიდან მოყოლებული, 5 ომბუდსმენის დროს.
ბოლო ორი წელია, გვესმის საზოგადოების უკმაყოფილება, რომ ომბუდსმენის ისტორიულად კრიტიკული და დამოუკიდებელი ორგანო ხელისუფლებისადმი ლოიალური გახდა. მოქალაქეები ლევან იოსელიანს საყვედურობენ, რომ წინამორბედების გზიდან გადაუხვია და ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის პრობლემებზე "პირში წყალი ჩაიგუბა".
ახლანდელ სახალხო დამცველს ფეისბუქ პოსტებითაც ეძებენ ხოლმე, მაგალითად, ასე — "სად არის? გააღვიძეთ"; "ცისფერ მთებში რომ გივია, ეგაა! უნდა დავუკაკუნოთ და "გივი, ჩვენ ვართ, გივი" ვუთხრათ. შეიძლება გაგვიღოს …"; "ლევან? — პასუხი არ არის, ლევან? — პასუხი არ არის"; “მთელმა ქვეყანამ ხმა ვის მივეცით, ეგ გამოვაჩინეთ და სახალხო დამცველი — ვერა”.
ლევან იოსელიანმა პირველი სამუშაო დღე სტვენის, კვერცხების სროლის და “მონა, მონა” შეძახილების ფონზე დაიწყო, ხალხის გული კი არჩევიდან ორი წლის თავზეც ვერ მოიგო. მიზეზი ისაა, რომ ის მოქალაქეების გასაჭირზე ან საერთოდ დუმს, ან დაგვიანებით რეაგირებს – ისიც, აბსტრაქტული, უმისამართო განცხადებებით. ანუ, პრობლემაზე მხოლოდ ირიბად საუბრობს, სახელებს და გვარებს არ ასახელებს და ბრალსაც არავის სდებს. არადა, ომბუდსმენისთვის ტრადიცია იყო ამის საპირისპირო, ე.წ დაასახელე და შეარცხვინე/Name and Shame პრინციპი.
იოსელიანი არც კრიტიკის მიმღებლობით გამოირჩევა. პირიქით, მისი საქმიანობით უკმაყოფილო ხალხს ნიშნის მოგებით პასუხობს ხოლმე: მაგალითად, ასე — "რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით…". ეს 2025 წლის 17 იანვარს დაპოსტა იმის ასახსნელად, რატომ იყო წინა დღეს ანტიდასავლურ, სიძულვილის გამავრცელებელ და პროპაგანდისტულ "პოსტვ"-ის ეთერში.
გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, თუ მოქალაქეებს არა, მაშ ვის უსმენს და ვის "ჭკუაზე დადის" ეს ინსტიტუტი? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ტრადიციულად კრიტიკულმა ორგანომ "ფერი იცვალა" და ხელისუფლების ზედამხედველის ნაცვლად, ნაწილობრივ, მისი თანამოაზრე გახდა.
ამ კითხვებზე საპასუხოდ, ჩავიხედეთ ლევან იოსელიანის გუნდში, გავეცანით ვინ არიან მისი მოადგილეები, რა წარსული, კომპეტენცია და კავშირები აქვთ — როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში.
ორი თვის განმავლობაში, დოკუმენტურად გავაანალიზეთ და შევადარეთ ომბუდსმენის 2021-2025 წლების საქმიანობა — სათითაოდ ყველა ანგარიში, რეკომენდაცია, წინადადება, თუ ფეისბუქ პოსტი; ვესაუბრეთ სახალხო დამცველის ყოფილ თანამშრომლებს, ომბუდსმენთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების ძველ და ახალ წევრებს. შედეგად, გავარკვიეთ, რომ:
- სახალხო დამცველს და მის ორ მოადგილეს არ აქვს გამოცდილება და კომპეტენცია ადამიანის უფლებების მიმართულებით;
- მოადგილეებს პირადი კავშირები აქვთ "ქართული ოცნების" ყოფილ თუ ახლანდელ წევრებთან;
- ლევან იოსელიანის დროს, მოადგილეების როლი საჯაროობიდან გაქრა, კულუარულად კი პირიქით, გაძლიერდა;
- ბოლო ორი წელია, სახალხო დამცველის კრიტიკული ტონი შერბილდა, კრიტიკული დოკუმენტების (რეკომენდაციების/წინადადებების/სპეციალური ანგარიშების) რაოდენობამ და მოცულობამ კი მნიშვნელოვნად იკლო;
- ბოლო ორი წელია, სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორს ჩამოშორდა და მათ აზრს ძველებურად აღარ ისმენს;
- ლევან იოსელიანის ხანაში, ფორმალური გახდა სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების არსებობაც — შეკრებები იშვიათად ან საერთოდ აღარ იმართება;
- პირველად, ომბუდსმენის ისტორიაში: ხელისუფლებას სახალხო დამცველს არც ებრძვის, არც აკრიტიკებს, პირიქით — მის განცხადებებს იწონებს და ზოგჯერ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იმოწმებს.
წაიკითხეთ სრულად:
რა ვიცით ლევან იოსელიანი გარემოცვაზე;
რა მოხდა "ისტორიაში პირველად" იოსელიანის ხანაში?
როგორ შესუსტდა სახალხო დამცველის, როგორც მაკონტროლებლის როლი : 2021-2024 წლების შედარებითი ანალიზი;
როგორ დაშორდა სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები