საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის მიერ ბანკ რესპუბლიკას აქციების შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხარეთა შორის მოლაპარაკებები კონფიდენციალურია და ის არაა უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონკრეტული გარიგების დეტალები:

"ასევე ვითვალისწინებთ როგორც კონკურენციის არგუმენტს, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მანდატს. საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თავის მხრივ, ასევე დადებითად აისახება საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე".

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, გასათვალისწინებელია ამ ტრანზაქციის შესაძლო გავლენა კონკურენციაზე და საფინანსო სისტემის ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთა დაცვა:

"მხედველობაში მისაღებია ბაზრის მცირე ზომაც, სადაც, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას".

დღეს თიბისი ბანკმა განაცხადა, რომ მან ფრანგულ სოსიეტე ჟენერალთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თიბისი ბანკი სოსიეტე ჟენერალის 100%-იანი წილიდან ბანკ რესპუბლიკას აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს.