ევროკავშირი რუსეთის დუმის არჩევნების ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებას არ აღიარებს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება ორგანიზაციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად კი არ ცნობს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია არჩევნების მიმდინარეობას თვალს არ ადევნებდა.

18 სექტემბერს რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გაიხსნა, არამედ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კიევში, ოდესასა და ყირიმშიც.

არჩევნებში სახელისუფლებო პარტია - ედინაია როსიამ (Единая Россия) გაიმარჯვა.