დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტი გაასაჯაროვა. თუმცა, სანამ მმართველი გუნდი აღნიშნულ დოკუმენტს სხვადასხვა პარტიას გაუგზავნის, რესპუბლიკელების ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მემორანდუმის ტექსტი ამობეჭდა და მას მედიის წარმომადგენლების თვალწინ მოაწერა ხელი:

"თუ შევინახავთ ამ მემორანდუმებს და ინიციატივებს სახლში, არჩევნები კარს მოგვადგა და რაც შეიძლება მალე დავდოთ ხელმოსაწერად. 4 დღეა ამაზეა საუბარი. დღეს, როგორც იქნა, საჯარო სივრცეში გავრცელდა დოკუმენტი, მე სხვა ტექსტი არ მაქვს, სხვა ტექსტი არ მინახავს. ამიტომ, მე თავად ამოვბეჭდე ინტერნეტიდან ეს მემორანდუმი, რომელზეც ამდენი ხანია ლაპარაკი და აგერ, ვაწერ ხელს და მოვუწოდებ ყველას, რომ მოაწერონ ხელი".

უსუფაშვილმა განმარტა, რომ მმართველ გუნდს მის პარტიასთან აღნიშნული დოკუმენტის ტექსტის თაობაზე კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა, მიიჩნევს, რომ მისი შინაარსი მშვენიერია.

დღეს პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო აგიტაციის დროს კონტრაქციების თაობაზე ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტი გაასაჯაროვა.

21 სექტემბერს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, კობახიძემ განმარტა, რომ მემორანდუმის ტექსტი არჩევნებში მონაწილე პარტიებს დღესვე გადაეგზავნებათ და მმართველი გუნდი მათ გამოხმაურებას დაელოდება.