17 წლის კენედი ქული პირველი ტრანსგენდერია, რომელიც კანადაში, Halifax West High School-ის ამერიკული ფეხბურთის გუნდში ითამაშებს.

"ვიცოდი, რომ გუნდში ბიჭები ერთმანეთთან როგორც ოჯახის წევრები ისე იყვნენ, ამიტომ ცოტას ვნერვიულობდი, არ ვიცოდი როგორ მიიღებდნენ იმ ამბავს რომ მათ გუნდში ახალი, ტრანსგენდერი წევრი გადადიოდა. მით უმეტეს, წინა სკოლა იმის გამო დავტოვე, რომ იქ თავს მარტოდ ვგრძნობდი და არ მინდოდა აქაც იგივე განმეორებულიყო", ამბობს ქული ABC News-თან ინტერვიუში.

კენედის ცუდი მოლოდინები, საბედნიეროდ, არ გამართლდა და გუნდის წევრები მას როგორც ოჯახის ახალ წევრს ისე შეეგებნენ.

"ყველამ ისეთი მიმიღო როგორიც ვარ, ეს ნამდვილად განსაცვიფრებელი იყო. ყველამ მითხრა, რომ მე არა მხოლოდ მათი ახალი გუნდის წევრი, არამედ მათი ძმა ვარ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცუდი მოლოდინები არ გამართლდა", ამბობს კენედ ქული.

20 ნოემბერი დაღუპულ ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ადამიანთა უფლებების დამცველთა მონაცემებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, მსოფლიოს 57 ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მკვლელობის 1 123 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ კატასტროფულ სტატისტიკაში სამწუხაროდ საქართველომაც შეიტანა თავისი წვლილი, თბილისში ერთმანეთის მიყოლებით ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ადამიანების დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და მათ მიმართ ჰომოფობიური დამოკიდებულების ფაქტები არ იკლებს.

სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლგბტ თემის წევრები, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, პოლიციას იშვიათად მიმართავენ. ამის მიზეზად, მათი დიდი ნაწილი, პოლიციის მიმართ უნდობლობას ასახელებს. სამართალდამცავი ორგანოები არ აწარმოებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ოფიციალურ სტატისტიკას და სახელმწიფოს მიერ არ ხდება ამ ტიპის დანაშაულების პრევენცია.

ამასობაში კი ჩვენს მეზობლად ტრანსგენდერი აქტივისტის და სექს-მუშაკის, ჰანდე კადერის მკვლელობას თურქეთმა მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხა. სტამბოლში აქციის მონაწილეები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღკვეთას და ჰანდე კადერის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. ტრანსგენდერი აქტივისტი აგვისტოს დასაწყიში ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი დაწვეს. როგორც ცნობილია საპროტესტო აქციას თურქეთის ოპოზიციური ძალები სხვა პოლიტიკური ლიდერებთან ერთად შეუერთდნენ და კადერის მკვლელობის გამოძიებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილე წარწერით - "მინდა რომ ვიცოცხლო"

აქციის მონაწილე წარწერით - "მინდა რომ ვიცოცხლო"

ფოტო: aljazeera

ნუ დაგვავიწყდება ის, რაც ყველაზე მთავარია - სიყვარული არის სიყვარული და მას არ სჭირდება ზედმეტი იარლიყები.