სახალხო დამცველმა 19 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ქობულეთის წყალს მიმართა რეკომენდაციით, რომლითაც დაადგინა, რომ მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მუსლიმ თემს ეზღუდება რელიგიის თავისუფლების სწავლების გზით რეალიზაციის შესაძლებლობა და დაადგინა, რომ ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას რელიგიური მოტივით.

ომბუდსმენის რეკომენდაციის თანახმად, მუსლიმი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს მის მფლობელობაში არსებული შენობით, რომელშიც ბავშვთა სასწავლო პანსიონის გახსნა იგეგმება.

ომბუდსმენის ცნობით, კერძოდ, აღნიშნული საკითხის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, ვერ ხერხდება შენობის წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთება.

მოპასუხეები ამბობენ რომ იძულებულნი არიან წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულებისგან თავი შეიკავონ, რათა თავიდან აირიდონ მოსახლეობას შორის დაძაბულობა.

ომბუდსმენი მიმართავს მოპასუხეებს მიმართა, დაუყოვნებლივ ჩაატარონ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების სამუშაოები, რომ შენობით სარგებლობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე იყოს შესაძლებელი. ასევე, ომბუდსმენმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.