პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, ბურჭულაძის ბლოკის დატოვების მიზეზებს განმარტავს. იგი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა და კონკრეტულ თანხას სთხოვდა, მისივე განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩის წევრებს სიიდან ამოიღებდა:

"როგორც იცით ხვალ არის ბოლო ვადა საპარლამენტო სიებში ცვლილების შეტანის. დამირეკეს და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა შეხვედრა. მე წავედი ამ შეხვედრაზე და მან მითხრა, რომ უნდოდა გირჩის წევრები ამოეღო სიიდან, ჩემზე არ იყო საუბარი, მე სიაში დავრჩებოდი და გავიდოდი პარლამენტში, მაგრამ სხვები უნდოდა ამოეღო. ადგილი ჰქონდა კონკრეტულ რაღაცას: ეს ადამიანი მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ გირჩი ვერ შეძლებდა ფინანსების მოტანას, მაშინ გირჩის წევრებს ამოიღებდა სიიდან, რაზეც ცხადია მე უარი განვაცხადე. ეს ადამიანი ითხოვდა კონკრეტულ ფულს და დიდი ალბათობით მას ეს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

ბლოკში გაწევრიანების დღიან ჩვენ დაგვხვდა უამრავი პრობლემა. პრობლემები იყო მენეჯმენტის თვალსაზრისით, ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი იყო დაულაგებელი. არსებობს ათობით ათასი კოორდინატორი და ისინი დამემოწმებიან, რომ დღემდე ელოდებიან კონკრეტული ანაზღაურების მიღებას. დაგვხვდა ვალები. ჩვენ ვცდილობდით მოგვეგვარებინა მენეჯმენტის და ფინანსური პრობლემები. დღეს კონკრეტული რაღაც მოხდა რის გამოც გირჩმა დატოვა ეს ბლოკი და ამას ხაზს ვუსვამ."