ზვარეში ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მე-11 დღეა აქციას მართავენ. ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა:

"დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვიმყოფები მტვრიან გვირაბში, რაც იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. აფეთქების დროსაც იქ ვართ. ჩვენ წინ, დაახლოებით 100 მეტროში ფეთქდება 400 კილო ასაფეთქებელი. როდესაც დამსაქმებელს ვთხოვეთ, რომ გარეთ გავიდოდით დაახლოებით 1 საათით, სანამ კვამლისგან გაიწმინდებოდა ტერიტორია, მან განგვიცხადა - თუ არ გინდათ, სახლში წადითო. ჩვენ დღევანდელი სოციალური პირობებიდან გამომდინარე, იძულებული ვართ ამ არაადამიანურ პირობებში დავრჩეთ".

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, უკვე მე-11 დღეა ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების შექმნას ითხოვს. სამუშაოებს აწარმოებს შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო.

მუშების აქცია სოფელ ზვარეში, გვირაბის მშენებლობის ადგილზე, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ ისინი მოითხოვენ მხოლოდ იმას, რაც საქართველოს შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული:

"ჩვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში შედის უსაფრთხოება, რაც დაუცველია, ზეგანაკვეთური საათები, შვებულება, ბიულეტინი, სპეც ტანსაცმელი. როდესაც ადამიანი ცუდად ხდება და 2 დღე სამსახურში ვერ გამოცხადდება, იმას ათავისუფლებენ. რატომ? ხომ წერია კანონში, რომ ბიულეტინი ეკუთვნის ადამიანს. ბიულეტინს ესენი არ აღიარებენ, ამბობენ თქვენი კანონი ფეხებზე გვკიდიაო".

მუშები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია დამსაქმებელს:

"გუშინწინ შედგა მედიაცია, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ მოთხოვნებს იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებდა, თუკი დასვენების დღის ხარჯზე ხელფასი ჩამოიჭრებოდა. ამ წინადადებაზე უარი ვთქვით, მას შემდეგ კი არავინ დაგვკავშირებია".

გარდა ამისა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ არცერთ მუშას შრომითი ხელშეკრულება არ აქვს:

"მივედით სამუშაო ობიექტზე და ვუთხარით, რომ გვინდოდა მუშაობის დაწყება. გვითხრეს, რომ გვექნებოდა ხელფასი მთლიან თვეზე. ხელშეკრულება არცერთ მუშას არ გააჩნია. ეს კომპანია არ აღიარებს ხელშეკრულებას და აცხადებს: მე როგორც მინდა, ისე უნდა გავაკეთო აქ, საქართველოში".

მინდია ოკრიბელაშვილის თქმით, თუკი მათ პროტესტს რეაგირება არ მოჰყვება, ისინი მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს რკინიგზას გადაკეტავენ:

"კიდევ რამდენიმე დღე გავჩერდებით აქ და არამგონია ეს გადაცდეს ორ დღეს. თუ რეაგირება არ იქნება, ყველანი, მხარდამჭერებთან ერთად, მივდივართ და ვკეტავთ საქართველოს რკინიგზას".

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ილია ლეჟავას განცხადებით, დღეს, 29 სექტემბერს ზვარეში ჩავიდა ასევე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მუშებთან ერთად სამუშაო პირობები დაათვალიერა.

On.ge ცდილობს შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან დაკავშირებას, როგორც ტელეფონით ასევე, ელ-ფოსტით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. კომპანიის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.