ქართული ოცნების წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მას არ სურს დაჯერება, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება გარკვეული სცენარის ნაწილია.

ამის შესახებ ბესელიამ მაესტროს ეთერში ისაუბრა:

"პირველ რიგში, კარგია, რომ ჯანმრთელად არის ბატონი თარგამაძე, რაც შეეხება თავად ფაქტს, მოდი ეს მივანდოთ საგამოძიებო ორგანოებს, რომლებიც დაადგენენ რასთან გვაქვს საქმე. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური სარჩული არ მოჰყვება ახლა ამ ფაქტს და არ მოხდება ისე, რომ პირდაპირ მოხდეს გარკვეული სცენარის შექმნა იმიტომ, რომ რაღაცნაირად ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში გაირბინა კადრებმა, რომელიც თავის დროზე გვახსოვს ჩვენ ხურჩაში დადგმული სცენარი, ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებები, მათ შორის თავისუფალი ზონის წარმომადგენლების მხრიდან, რომ იქნება გარკვეული დესტაბილიზაცია, მანქანების დაწვა და ასე შემდეგ, არ მინდა ვიფიქრო, ამ სცენართან გვაქვს საქმე. გულწრფელად არ მინდა ვიფიქრო, რომ რაღაც ამდაგვარი ხდება. მოდი, გამოძიებას მივანდოთ პირველ რიგში ამ ფაქტის დადგენა, მოვისმინოთ გამოძიების ვერსია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები".

შემთხვევა თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, დღეს საღამოს მოხდა. გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაზიანებულია მიმდებარე შენობები, ასევე ახლომდებარე ავტომობილები. არსებული ინფორმაციით, 3 ადამიანია დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.