ინტერნეტგამოცემა ლაივპრესის ინფორმაციით, ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ბრალდებით 60 წლის კაკო ტიბუა დააკავეს.

ადვოკატ რონალდ შონიას თქმით, რომელმაც დაკავებული უკვე მოინახულა, ტიბუას დაკავება კანონდარღვევით მოხდა, მაშინ, როცა ის ყანაში მუშაობდა. შონია აცხადებს, რომ ის ტალახიანი, რეზინის ჩექმებით გადაიყვანეს განყოფილებაში და გამოცვლის საშუალებაც არ მისცეს, ასევე სამართალდამცავ ორგანოში ის წინასწარ არ გამოუძახებიათ:

"დაახლოებით უთხრეს, რომ ჯიხაშკარის ინციდენტზეა დაკავებული. მაგრამ მას არანაირი ქმედება არ ჩაუდენია. დარბევის დროს შიგნით არ ყოფილა. გაითვალისწინეთ, რომ დაკავებული გახლავთ 60 წლის მოხუცი. მისი ფიზიკური მონაცემებიც წარმოუდგენელს ხდის, რომ დარღვევაში მონაწილეობდა. რაც შეეხება ინციდენტს, გარეთ ისმოდა თურმე დარბევის ხმები, ლეწვის, რის შემდეგაც გაღებულა ჩაკეტილი უბნის კარები და ყველა, ვინც გარეთ იდგა, შიგნით შესულა, 200-ზე მეტი. ჩემი დაცვის ქვეშ მდგომიც იდგა გარეთ. ისიც არის მას შემდეგ შესული, როცა ყველა შიგნით შევიდა".

ადვოკატის თქმით, კაკო ტიბუა არცერთი პარტიის მხარდამჭერი არაა, ამას გარდა, მას დაკავების შემდეგ ხელი მოაწერინეს მისთვის უცნობ დოკუმენტზე. შონია დასძენს, რომ დაკავებულს მხედველობის პრობლემები აქვს და სათვალის გარეშე დოკუმენტის გაცნობა ვერ შეძლო.

შსს-მ რამდენიმე დღის წინ სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მომხდარის ორგანიზატორობის ბრალდებით 1 პიროვნება დააკავა.