ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის საგანგებო ბრიფინგზე, დღეს, 16 ნოემბერს, პარტიის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ახალ მთავრობას მიმართა, რომ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, გირჩის წევრები, სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად 31 დეკემბრის დღის ბოლოს, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში დარგავენ მარიხუანას:

"მივმართავთ მომავალ მთავრობას და მოვითხოვთ, რომ ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ერთის მხრივ, მარიხუანას და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული და მეორეს მხრივ, მარიხუანის კულტივირება და შენახვა, ასევე იყოს სრულად ლეგალიზებული.

მომავალ ხელისუფლებას ექნება საკმარისი დრო, რომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 წუთზე, ჩვენ, გირჩის წევრები, გირჩის ოფისში, პირდაპირ ეთერში, ყველას დასანახად, საჯაროდ ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას.

ჩვენ გვესმის, რომ ამით დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ შეშლილები, გვყავს ოჯახები და გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის კონკრეტული გზა".