პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა, რომ საქართველოში დაფიქსირებული რამდენიმე მაგალითი სასწრაფოდ აღმოიფხვრას:

"სულ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას, სადაც იქნება ცალკე მუხლი, თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, რომ ეგრეთ წოდებული გოგონების წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ, სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობდა საქართველოში."

წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს სამომავლო პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და მიიღებს ისეთ საბოლოო სახეს, რომლის უარესობისკენ გარდაქმნა წლებთან ერთად შეუძლებელი გახდება:

"ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ სასამართლო განვტვირთოთ, დავამკვიდროთ ქართულ მართმსაჯულებაში მედიაციის ინსტიტუტი და ბიზნეს მივცეთ სასამართლო, სადაც მას სწრაფად და პირუთვნელად გადაუწყვეტენ საქმეებს. უნდა გავაძლიეროთ კიდევ მეტად პროკურატურა, რომ ის გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი და რაც მთავარია თანამედროვე. ყველა ის დიდი რეფორმა რაც დავიწყეთ და მიმდინარეობს, იქნება ეს საარჩევნო სისტემის დახვეწა, მიწის რეგისტრაცია თუ სხვა, გაგრძელდება და მიიღებს უკვე იმ საბოლოო სახეს, რაც საქართველოს აქცევს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომლის გარდაქმნა უარესობისკენ იქნება წლებთან ერთად შეუძლებელი."