სტუდენტურმა მოძრაობამ, აუდიტორია 115, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, უნივერსიტეტის მე–6 კორპუსი დაიკავა და კარები შიგნიდან ჩაკეტა. ისინი ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. განცხადება პროტესტის ახალი ტალღის შესახებ, სტუდენტური მოძრაობის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნეს:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად მრავალგზის დაპირებისა, მთავრობამ არ შეასრულა ჩვენი არცერთი მოთხოვნა. ალბათ ყველას გვახსოვს, სახელმწიფოს უმაღლესი პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, საჯარო განცხადებები, მათ არაერთხელ დაადასტურეს აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ლეგიტიმურობა და დაპირდნენ სტუდენტებსა და საზოგადოებას მათ შესრულებას.

ჩვენ, სტუდენტები, ვერ შევეგუებით ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას. შესაბამისად დღეს დავიკავეთ სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. ბრძოლას ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას:

  1. დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" 45 მუხლის გასაუქმებლად, რაც გულისხმობს თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებას. შემუშავდეს საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესი.
  2. კონსტიტუციაში განისაზღვროს, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
  3. გამოიყოს თანხა, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის.
  4. მოვითხოვთ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები, პირდაპირი წესით, გაიმართოს მას შემდეგ, რაც მოხდება კანონის ცვლილება.
  5. უნივერსიტეტის რექტორმა, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და სასწრაფო წესით დაინერგოს უნივერსიტეტში გარე რეფერირების მექანიზმი".

აუდიტორია 115 მოუწოდებს სტუდენტებსა და ლექტორებს, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტურ ჯგუფებს, შეუერთდეს სტუდენტურ პროტესტს.

უნივერსიტეტის მე–6 კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული, სტუდენტებს კი შესასვლელები მაგიდებით აქვთ ჩახერგილი.

თვითმმართველობის არჩევნები თსუ–ში 25 ნოემბერს იმართება.