25 ნოემბერს, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობამდე მსვლელობა გამართეს.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ On.ge-სთან აქციაში მონაწილეობის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობაზე შესაცვლელია. ღვინიანიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია ეს საკითხი ტრანსგენდერი ქალებისთვის. მისივე თქმით, საჭიროა, რომ შსს-მ შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც იქნება განსაკუთრებულად სენსიტიური, ექნება სპეციალური უნარები და ცოდნა ქალთა მიმართ ძალადობაზე სათანადო რეაგირებისთვის:

როგორც აქციის ორგანიზატორი, ბაია პატარაია ამბობს, 2015 წელს 112-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 16 ათასზე ზარი შევიდა, თუმცა გამოძიება მხოლოდ 1000-ზე დაიწყო.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

"პოლიცია არის გენდერულად ბრმა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პოლიციამ ჩამოაყალიბოს სპეციალური დანაყოფი, რომ მას ჰქონდეს კომპეტენცია და ცოდნა გამოიძიოს ქალთა მიმართ დანაშაული." - განაცხადა პატარაიამ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, რომ ხშირად ქალები მთელს მსოფლიოში გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და ძალადობის სხვა ფორმის მსხვერპლნი ხდებიან.

დღეს 21:00 საათზე ღამის აქცია-მსვლელობას გამართავს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. მსვლელობა მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დედაენის ბაღამდე მოეწყობა.