თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა. ინიციატივის ავტორი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისია.

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გრძელდება.

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / მაკა გოგალაძე

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას სიმბოლურად ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია / მაკა გოგალაძე

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილს წარმოადგენს: „გაანარინჯისფრე სამყარო - უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში ინვესტირების მნიშვნელობას.