შეიძლება ამ თემაზე ჯერ არ გიფიქრიათ, მაგრამ კოსმოსში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება რთული საქმეა. გრავიტაციის არარსებობის გამო ჩვეულებრივი, დედამიწური ტუალეტების გამოყენება შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში "ყველაფერი" აქეთ-იქით იფრენს.

NASA ამ პრობლემას პირველად 1961 წლის 5 მაისს შეეჩეხა, როცა ასტრონავტი ალან შეპარდი კაფსულა Freedom 7-ით გაფრინდა კოსმოსში. ის პირველი ამერიკელი და, საერთო ჯამში, მეორე ადამიანი იყო გაგარინის შემდეგ, რომელმაც პლანეტის გარეთ იმოგზაურა.

ფოტო: Wikipedia

ფრენა სულ 15 წუთს გაგრძელდა, მაგრამ ასტრონავტს გაშვებამდე 5-საათიანი ლოდინი მოუწია და ამიტომ შუა ფრენისას დისკომფორტი შეექმნა.

"ძალიან მეფსია", - ასეთი განცხადება მოისმინა ჰიუსტონმა კოსმოსიდან.

NASA გამოწვევისთვის მზად არ იყო, რადგან ეგონათ, მოკლევადიანი ფრენა ამ პრობლემისგან დააზღვევდათ. პირდაპირ სკაფანდრში მოშარდვას შეიძლება ბევრი გართულება გამოეწვია, რადგან ასტრონავტის სხეულზე მიმაგრებული სენსორები დასველდებოდა. რადგან მისიის კონტროლს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, ასტრონავტმა თანხმობა მიიღო. ასე გახდა ალან შეპარდი პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში "ჩაიფსა".

ამ შემთხვევის შემდეგ NASA-მ შესაბამის აღჭურვილობაზე მუშაობა დაიწყო.

1963 წელს, როდესაც გორდონ კუპერი მერკურის ბოლო მისიით გაფრინდა კოსმოსში, NASA-ს უკვე შემუშავებული ჰქონდა შარდის შემგროვებელი აპარატი. მისი 34-საათიანი მისიის ბოლოს კაფსულის სისტემა ნელ-ნელა გაითიშა და კუპერს ხელით მართვაზე გადასვლა მოუწია. როგორც გამოძიებამ დაადგინა, NASA-ს შექმნილი აპარატიდან შარდმა გაჟონა, რამაც მექანიზმი წყობიდან გამოიყვანა.

როდესაც NASA-მ გრძელვადიან მისიებზე დაიწყო მუშაობა, ცხადია, დადგა მეორე, უფრო დიდი პრობლემის მოგვარების დროც. ასტრონავტები მრავალ საათს ვერ დაჰყოფდნენ კოსმოსში კუჭში გასვლის გარეშე.

1965 წელს აპოლონის მისიის მოსამზადებლად და გრძელვადიან კოსმოსურ მოგზაურობაზე დასაკვირვებლად ასტრონავტები ჯიმ ლოველი და ფრენკ ბორმანი Gemini 7-ის მისიით 14-დღიან მოგზაურობაში გაუშვეს. ამ მისიაში მათ ტუალეტი არ ჰქონიათ, ასტრონავტები სპეციალურ პლასტიკურ ჩანთებში ისაქმებდნენ.

დიდი პროგრესი არც აპოლონის მისიების დროს ყოფილა. ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინიც მსგავს პლასტიკურ ჩანთებს იყენებდნენ მთვარეზე გაფრენის დროს. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ისინი 45 წუთიდან 1 საათამდე უნდებოდნენ. იმისთვის, რომ კუჭში გასვლის პროცესი გაეადვილებინათ, არმსტრონგისა და ოლდრინის რაციონი ძირითადად ცილოვან საკვებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლიდა. არც მოშარდვა იყო ადვილი საქმე, შარდის შემგროვებელი მოწყობილობა პრეზერვატივს ჰგავდა და გამწოვზე იყო მიერთებული. როგორც თვითონ ასტრონავტები ამბობდნენ, პროცესი ძალიან უსიამოვნო იყო.

ამჟამად კოსმოსური ტუალეტები ბევრად დახვეწილია და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსა და შატლის ხომალდებზე დამონტაჟებული მოწყობილობები ჰაერის ნაკადის საშუალებით გრავიტაციას ქმნიან. მაგრამ NASA თვლის, რომ ასტრონავტებისთვის მეტი კომფორტის შექმნაა შესაძლებელი და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.

იმ გამომგონებლებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ეფექტურად გადაჭრან ფიზიოლოგიური ნარჩენების შეგროვების პრობლემა, $30 ათასიანი კონკურსია გამოცხადებული.
კონკურსის პირობებით, თქვენმა მოწყობილობამ 144-საათიან ციკლში უნდა შეძლოს შარდის, განავლისა და მენსტრუალური ნარჩენების შეგროვება-შენახვა.

კონკურსის სრულ პირობებსა და აღწერას შეგიძლია აქ გაეცნოთ.

გაფრენის ან დედამიწაზე დაბრუნების დროს ასტრონავტებს სკაფანდრი 10 საათის განმავლობაში აცვიათ ხოლმე, თუმცა ექსტრემალურ პირობებში შესაძლოა ეს დრო 6 დღემდე გაგრძელდეს. სწორედ აქედან მოდის მოწყობილობის მოქმედების მაქსიმალური ვადა, 144 საათი.

პროექტების მიღება 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება.