ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, გარკვეული საზედამხედველო ორგანო აუცილებლად უნდა არსებობდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ამას შრომის ინსპექცია ერქმევა, თუ რაიმე სხვა სახელი. კილაძე თავის პრიორიტეტულ საკითხად სოციალურ-ოკონომიკური უფლებებს ასახელებს, ფიქრობს, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს, თუმცა უნდა განისაზღვროს, თუ არა შრომის ინსპექციის ფუნქციები კანონით, მას პასუხი არ აქვს.

On.ge-ს კითხვაზე უნდა არსებობდეს, თუ არა შრომის ინსპექცია არსებული სახით და რას ნიშნავს ოქროს შუალედი, კილაძე ასე პასუხობს:

"ოქროს შუალედი უნდა განვსაზღვროთ ორივე მხარის პოზიციებიდან გამომდინარე. ჩვენ რომ ავიღოთ და დავაკოპიროთ რომელიმე ქვეყნის გამოცდილება ამ კუთხით, შესაძლოა, ჩვენთვის ეს არ იყოს ოქროს შუალედი. ამ საკითხს სჭირდება ძალიან კარგი შესწავლა, სჭირდება ძალიან კარგი დამუშავება და მხოლოდ ამის შემდეგ, ისე, რომ არ დავაზარალოთ არც ერთი მხარე, იქნება შესაძლებელი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება...რომ არ გამომივიდეს უპასუხისმგებლო ნათქვამი და უპასუხისმგებლო დაპირება, ან ერთის ინტერესების დაზიანება ან მეორე მხარის ინტერესების დაზიანება, მირჩევნია, რომ ძალიან კარგად მე თვითონ ჩამოვყალიბდე, კონკრეტულად როგორ უნდა განვითარდეს ეს საკითხი და სწორედ ამის შემდეგ შემეძლება კონკრეტული პასუხის გაცემა თქვენთვის."

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და პარლამენტში ჯერაც არ შესულა.

არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არა კანონის დონეზე, არამედ პრემიერ-მინისტრის დადგენილებით არის შექმნილი. საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით, მას არ აქვს უფლება დამსაქმებლის ნებართვის გარეშე კერძო, ან საჯარო ორგანიზაციაში შევიდეს.

შრომის ინსპექციასა და სხვა საკითხებზე სოფო კილაძის მოსაზრებები სრულად წაიკითხეთ On.ge-ს ინტერვიუში.