პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ინიციატივა შევიდა, 8 დეკემბერს შევიდა. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

"გუშინ, ინიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. ეს პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას იმავე ფორმატით, რა ფორმატითაც ის შეიქმნა ზუსტად 3 წლის წინ. კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე."

კობახიძის განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში შევლენ:

  • საპარლამენტო პარტიები;
  • არასაპარლამენტო პარტიები;
  • კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები;
  • სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები;
  • ექსპერტები.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობაში შესვლის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა:

"კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და მასში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა. გარდა ამისა უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე იმართება მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ მეგობრებთან."

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მიზანია, უზრუნველყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება.

კობახიძის თქმით, კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს. ამის შემდეგ კი დაიწყება პროექტის საყოველთაო, სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები.