შინაგან საქმეთა სამინისტრო On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ცვლილება ძალაში არ შესულა.

სხვადასხვა მედიასაშულებები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ 100-ქულიანი სისტემა უკვე მოქმედებს, თუმცა სამართალდამცავი უწყების განმარტებით, პროექტი სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა და ახალ შემადგენლობას აღნიშული საკითხი არ განუხილავს.

კანონპროექტის თანახმად, მართვის მოწმებას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. დამრღვევ მძღოლებს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა შეუმცირდებათ.

ერთი წლის განმავლობაში, 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.