ახალი წლის დადგომიდან ყველაზე რთულმა დღეებმა ჩაიარა. წესით, ამ დროისთვის თქვენს სამზარეულოში უკვე შეცოტავებული უნდა იყოს ბაჟე და საცივი, გოზინაყი და გოჭის ხორცი. ოლივიეც კი, რომელიც ყველაზე დიდხანს რჩება მაცივარში ქეიფის შემდეგ, უნდა თავდებოდეს. მაშ ასე, გავიღვიძეთ, ჩავიცვით შარვალი, რომელიც გასულ წელს კარგად გვქონდა და ახლა უკვე - არც ისე, გავიღიმეთ და შევუდექით ცხოვრებას.

ახალი წლების აურზაურის შემდეგ რეალობასთან შეჯახება არც ისე მარტივია. იმისთვის, რომ ადაპტაციის პერიოდმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ჩვენს რჩევებს მიადევნეთ თვალი.

1. ყველაფერს ერთად ნუ წამოიწყებთ

გაიხსენეთ, ახალი წლის დღეების სრული უმრავლესობა ჯერ კიდევ წინაა. სურვილი, რომ ახლავე გაანეიტრალოთ ათასობით მიღებული კალორიის ეფექტი, სრულიად გასაგებია, მაგრამ გონებას მოუხმეთ. თუ ახლავე მიხვალთ სავარჯიშო დარბაზში, ის სავარაუდოდ, გადავსებული დაგხვდებათ და დიდი შანსია, გეგმაზე საერთოდ აიღოთ ხელი. დაიწყეთ საჭმლის შეზღუდვით. შეუთანხმდით საკუთარ თავს, რომ არ შეჭამთ ცომეულს, ტკბილეულს, ცხიმიან კერძებს და გვიან. ერთი კვირის განმავლობაში ამ რეჟიმში ყოფნა საკუთარი თავისადმი პატივისცემას დაგიბრუნებთ. ერთი კვირის შემდეგ კი მიდით სავარჯიშო დარბაზში და იქ უკვე დამშვიდებული სიტუაცია დაგხვდებათ.

2. მიიღეთ სითხეები

საოცარია, რამდენ სიტუაციას უხდება ეს ფრაზა. გაცივდით? სითხეები მიიღეთ. კანი გიშრებათ? სითხეები მიიღეთ. სწრაფი სესხის გადახდის დრო მოდის? სითხეები მიიღეთ. რაც უნდა კომიკურად ჟღერდეს, ახალი წლების შემდეგ მართლა უნდა მიიღოთ სითხეები და მიუხედავად იმისა, რომ ბაჟეც სითხეა, ამ შემთხვევაში მას არ ვგულისხმობთ. ალკოჰოლი აშრობს ორგანიზმს და უხვად მიღებული მარილიანი საჭმელი წყალს აკავებს ორგანიზმში. ამ ყველაფრის ჩამორეცხვა ბევრი წყლით არის შესაძლებელი. დაიდგით გვერდზე დიდი ბოთლი და ეცადეთ, დღის განმავლობაში ჩაცალოთ.

3. შეაფასეთ ფინანსური რეალობა

ახალი წელი საფულესაც მძიმედ ეტყობა ხოლმე. საახალწლო საჩუქრები, გართობა კლუბში თუ რესტორანში (ვისაც როგორ ურჩევნია), ქალაქიდან გასვლა, მერე ქალაქში შემოსვლა, ძვირფასი სასმელების ატანა მეგობრებთან და მოკლედ რომ ვთქვათ, თავქარიანი ხარჯვა უნდა დაასრულოთ. წინ შობა და ძველით ახალი წელია, მაგრამ ახლავე თუ არ დაიწყეთ რეალობისთვის თვალის გასწორება, მერე რთული იქნება. ნახეთ, რამდენი გაქვთ ანგარიშზე ახლა და საკმარისი იქნება თუ არა ეს ხელფასამდე მისაღწევად. მნიშვნელოვანი ხარჯები თებერვლისთვის გადადეთ, არსებული ფული კი გონივრულად გადაანაწილეთ მთელ თვეზე.

4. დაისახეთ გეგმები

ფოტო: Giphy

მიზნების მისაღწევად მხოლოდ გაფიქრება საკმარისი არაა. აიღეთ ფურცელი და დაწერეთ, რას აპირებთ მომავალ წელს. ნუ დაუშვებთ მთავარ შეცდომას და იყავით სპეციფიკური: ნუ დაწერთ, რომ გსურთ დაიკლოთ წონა. დააკონკრეტეთ, რამდენი კილოს დაკლება გინდათ. ნუ დაწერთ, რომ გსურთ გაიუმჯობესოთ ფინანსური სიტუაცია. დააკონკრეტეთ, რა შემოსავალზე გსურთ ასვლა. თუ მოწევას თავს ანებებთ, როდის ანებებთ და რა გეგმა გაქვთ. ყველაფერი გამოვა, თუ გონივრულად დაგეგმავთ.

5. იზრუნეთ საკუთარ თავზე

ახალი თვე უკვე დაიწყო, განაახლეთ რეჟიმი და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თუ ტანსაცმელი მოგიძველდათ, იყიდეთ ახალი (თუ რა თქმა უნდა, მე-3 პუნქტი გაძლევთ ამის საშუალებას), თუ წიგნები შემოგაკლდათ, შეისეირნეთ წიგნის მაღაზიაში. დაიძინეთ შედარებით ადრე, რომ ორგანიზმს ახალი წლის სტრესის გადატანაში დაეხმაროთ, ისეირნეთ ფეხით, გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან, ნახეთ საყვარელი სერიალები და დაგეგმეთ მომავალი წლის მოგზაურობები. იყავით საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი.

იმედია, ამ წელს ყველა დასახულ მიზანს მიაღწევთ.