5 დასახლებიდან - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და ახალციხე, ახალციხეა ის დასახლება, სადაც კითხვაზე - ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით, რომ ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს? - გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - 59% ეთანხმება. დანარჩენ შემთხვევაში პასუხი „არ ვეთანხმები“ უსწრებს „ვეთანხმების“ მაჩვენებელს. ასეთია NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

საქართველოს მასშტაბით, "ვეთანხმების" (49%) პროცენტული წილი, ცოტათი უსწრებს "არ ვეთანხმების" (46%) წილს. მათგან ყველაზე მეტი მოქალაქე, გამოკითხულთა 61% ქუთაისში მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს. სხვა ქალაქებში კი ასე გადანაწილდა: თბილისი - 52%, ბათუმი - 51%, ზუგდიდი - 44 %, ახალციხე - 36%. რაც შეეხება იმ მოქალაქეთა პროცენტულ წილს, ვინც ეთანხმება ამ მოსაზრებას: თბილისი: 44%, ქუთაისი 34, ბათუმი 41% და ზუგდიდი 42%. ამ კითხვაზე ყველაზე მეტი მოქალაქე - 14% „არ ვიცი“ პასუხს სცემს ზუგდიდში.

დღეს, 16 იანვარს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი არის ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,8 პროცენტია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.