როგორც CNN იუწყება, აშშ-ში ძმებ რინგლინგის, ბარნუმას და ბეილის ცირკი იხურება, რომელსაც 146-წლიანი ისტორია აქვს.

მფლობელები აცხადებენ, რომ მაყურებლების ინტერესი და გაყიდული ბილეთების რაოდენობა წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მცირდებოდა.

"ბევრი ფიქრისა და ანგარიშის შემდეგ ჩვენთვის მეტად მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, ძმები რინგლინგების, ბარნუმას და ბეილის ცირკი მაისში სამუდამოდ დაიხურება", - ამბობს კენეტ ფელდი, Feld Entertainment-ის დირექტორი, რომელიც ცირკს 1960 წლიდან ფლობს.

აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ცირკის ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას, ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ სხვა ცირკებიც ამ ბედს გაიზიარებენ.

პამელა ანდერსონი, რომელიც წლებია ცირკის დახურვას ითხოვდა, დახურვის შესახებ სიახლეს ტვიტერზე გამოეხმაურა. "დასრულდა!" - წერს საკუთარ გვერდზე პამელა.

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც ცხოველთა უფლებებს აქტიურად იცავდა და ძმებ რინგლინგსების ცირკის დახურვას ითხოვდა, სერიალ გრეის ანატომიის მსახიობი ელენ პომპეოა. მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და ყველას, ვინც მის აზრებს იზიარებდა, მადლობა გადაუხადა.

ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Peta-მ განაცხადა, რომ ცირკის დახურვით დედამიწაზე ყველაზე სევდიანი ცხოველების შოუ სრულდება.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციასა და ცირკს შორის მიმდინარეობდა, ცირკმა გადაწყვეტილება მიიღო, სპილოები, რომლებიც წარმოდგენაში მონაწილეობდნენ, ფლორიდას ნაკრძალში გაეგზავნა.

მსოფლიოს უდიდესი შოუ - ეს იყო მოძრავი ცირკის სლოგანი. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ "მსოფლიოს უდიდესი შოუების" უკან ცხოველების წამების მრავალწლიანი პრაქტიკა დგას, რომლის შედეგადაც ისინი საოცარი ტრიუკების გაკეთებას სწავლობენ.