საქართველოს პარლამენტის წევრს, ემზარ კვიციანს, 4 მიწის ნაკვეთი და 2 საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის. ამის შესახებ კვიციანმა თანამდებობის პირის დეკლარაციაში მიუთითა, რომელიც 2017 წლის 11 იანვარს შეავსო.

მის სახელზეა რეგისტრირებული წალკაში, ჯამში, 12 317 მ2 ზომის სამი მიწის ნაკვეთი და აფხაზეთში 10 000 მ2 ზომის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლები წალკასა (220,4 მ2) და აფხაზეთში (300 მ2). აფხაზეთის სახლის გარდა, ყველა ქონებაზე მითითებული აქვს, რომ აჩუქეს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მის საბანკო ანგარიშებზე 9 447 ლარი და 3 970 ამერიკული დოლარი ფიქსირდებოდა. როგორც კვიციანის შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, მას ან მის ოჯახის რომელიმე წევრს 2016 წელს ანაზღაურება არ მიუღიათ.

კვიციანი პარლამენტში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა. მას 3 შვილი - გიორგი, იესე და გაბრიელა კვიციანები და ცოლი - თეთნულდი ანსიანი ჰყავს.