ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინო-პროდუქციის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 5 620 000 ლარს დახარჯავს. სააგენტო ამ თანხით საქართველოში მეღვინეობის განვითარებას და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინო-პროდუქციის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებასა და საექსპორტო მიწოდების მაქსიმალურად ზრდას გეგმავს.

ღვინის პოპულარიზაციისთვის, 2017 წელს გათვალისწინებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს 12 ქვეყანაში საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, საერთაშორისო ღვინის კონფერენციების, გამოფენების და პრესტურების მოწყობა-ჩატარდება. გარდა ამისა, მედია-კამპანიების, სარეკლამო რგოლების და სხვადასხვა ბაზრის კვლევების ჩატარება, წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და მაღალხარისხიანი ქართული ღვინის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების პოპულარიზაციისა და ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.

შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა იმსჯელა და მიიჩნია, რომ გამარტივებული წესით შესყიდვა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩასატარებლად აუცილებელია.

გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტომ ასე დაასაბუთა: „საერთაშორისო გამოფენების, დეგუსტაციებისა, თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზატორ ორგანიზაციებს, საკუთარი, ერთმანეთისაგან განსხვავებული და მკაცრად გაწერილი რეგულაციები გააჩნიათ და ისინი, ძირითად შემთხვევაში, თავად განსაზღვრავენ ღონისძიების ჩატარების ადგილს, დროს, მონაწილეთა რაოდენობას და მათთვის დადგენილი მოთხოვნების შინაარსს, ტექნიკურ თუ ვიზუალურ მოთხოვნებს, მათ შორის სტენდის, თუ საგამოფენო სადეგუსტაციო სივრცის დიზაინისა და მისი ტექნიკური აღჭურვილობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების ხარისხსა და სხვა პარამეტრებს, აგრეთვე ძირითად პროცედურებთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების პირობებს.“