კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აცხადებს, რომ კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს:

"საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით".

კოალიციის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და აღნიშნული განაცხადის კონსტიტუციის სიმაღლეზე აყვანა, მათი თქმით, კიდევ ერთი გარანტია იქნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთადერთი სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით.

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის საქართველოს საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ფორმულირებას სთავაზობს:

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას."