ბორჯომის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სერაფიმე ჯოჯუას ეპარქია უსაფუძვლოდ არ დაუტოვებია, ხელმოწერებს აგროვებს.

სამხრეთის კარიბჭე მათ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ მრევლის ნაწილი ხელმოწერებს აგროვებს და მოითხოვს გაირკვეს მიზეზი, თუ რატომ დატოვა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია.

"ბორჯომში თვეების წინ მოვლენები ასე განვითარდა: მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, ამხილეს რა ადამიანისათვის და მით უმეტეს მიტროპოლიტისათვის შეუსაბამო საქციელში, სასწრაფოდ ტოვებს ეპარქიას. ეპარქიაში ხალხი იწყებს ქუჩაში გამოსვლას და მოითხოვს მეუფის უკან დაბრუნებას.

სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს მეუფის ე.წ.მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, ჩვენ კი ჩვენი ცილისწამების ქარცეცხლში უსამართლოდ მოყოლილი ჩვენი მოძღვრების კურთხევას ვასრულებთ და დღემდე ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, რომელიც უკვე ბევრს ჯანმრთელობის ფასად უჯდება."

ნეტგაზეთი მრევლის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით წერს, რომ სერაფიმე ჯოჯუას გოგოსთან სექსობრივ კავშირში დასდეს ბრალი. არსებული ინფორმაციით, ამის შესახებ ვაიბერზე მისული SMS-ით გახდა ცნობილი. მრევლის ის ნაწილი, რომლის აზრითაც სერაფიმე უდანაშაულოა, ამბობს, რომ SMS გაყალბებული იყო.

სერაფიმე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან რამდენიმე კვირის წინ გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გადაიყვანეს და მმართველად დანიშნეს, რასაც აღნიშნული ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტი მოჰყვა.

ამის შემდეგ, სერაფიმემ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უარს ამბობს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე და აცხადებს, რომ "ურჩევნია თავისთვის იყოს და ილოცოს".