უკრაინაში მყოფი ქართველ მოხალისეთა რაზმის ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ თუ ქართველ სამხედროს გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს.

ქართველი ჯარისკაცი, გია ცერცვაძე, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით აფხაზეთის ომში, ასევე 2008 წელს, რუსეთის თავდასხმისას, საქართველოსთვის იბრძოდა, 1 კვირის წინ უკრაინაში, ინტერპოლის მოთხოვნით დააპატიმრეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსეთიდან უკრაინაში გადაგზავნილ საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლით ეძებენ.

ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთისთვის გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, თუმცა ეს ბრალდება ხელისუფლებამ უარყო.

მამუკა მამულაშვილი წინა ხელისუფლების პირობებში თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას, მრჩევლად დაინიშნა, შემდგომში ის შაშკინის და ალასანიას მრჩეველი იყო. მამულაშვილი თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. მოგვიანებით მამულაშვილი უკრაინაში მოხალისე მებრძოლად წავიდა. ის აცხადებდა, რომ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის იბრძოდა.