საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ და ოფიციალურმა პირმა იმუშავა, რომ ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილი კანდიდატების სია უკან დაბრუნებოდა. მინისტრმა ოფიციალურ პირებს შორის სახალხო დამცველი - უჩა ნანუაშვილი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ზაზა ხატიაშვილი გამოყო.

თეა წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველმა სტრასბურგში სხვადსხვა ქვეყნების წარმომადგენელებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ მხარი საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის.

„ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ იმას თვალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა. ეს არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

ევროსაბჭოში 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე საქართველოდან მოსამართლეები უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, პროცესი ჩაიშალა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ კონკურსი ხელახლა უნდა ჩაატაროს და ევროსაბჭოს ახალი სია წარუდგინოს.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი.

ევა გოცირიძე 2013 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეა. რაც შეეხება გიორგი ბადაშვილს, ის 8 წელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში იურისტის პოზიციაზე მუშაობს.